ძაღლის ჯიშები

შნაუცერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

შნაუცერი

შნაუცერი საფირმო წარბებითა და წვერით ცნობილი გერმანული წარმოშობის კომპანიონი ცხოველია. თუ მის ფოტოს აკვირდებით და ფიქრობთ, რომ ეს ვიზუალი საიდანღაც გეცნობათ, ნამდვილად არ ცდებით! 1955 წელს გადაღებულ ანიმაციურ ფილმში “ლედი და მაწანწალა” მთავარი როლისთვის დისნეიმ სწორედ შნაუცერის ჯიში შეარჩია.  

ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები საოცარი გონიერებითა და აქტიური ცხოვრების წესით გამოირჩევიან. ისინი ფიზიკურად ძლიერი, ენერგიული ძაღლები არიან, რომლებიც მუდმივ სოციალიზაციასთან ერთად ჯილდოზე დაფუძნებულ თანმიმდევრულ ვარჯიშსაც საჭიროებენ. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მოსიყვარულე ბუნება
  • გონიერება
  • სიფხიზლე
  • ერთგულება
  • მორჩილება
  • დამცველობითი ინსტინქტი
  • სიმამაცე
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი შნაუცერი სიმაღლეში 44-47, მამრი შნაუცერი კი 47-50 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, თუ მდედრი შნაუცერის სიგრძე 71-76 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს, მამრი შნაუცერის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 76-79 სანტიმეტრს აღწევს.

    წონა

    შნაუცერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 14-დან 20 კილოგრამამდე იწონიან. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    შნაუცერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 13-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 74-83 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    შნაუცერის მოკლე, უხეში ბეწვი ყოველ მეორე დღეს საჭიროებს გრუმინგს. სხვა კომპანიონი ცხოველების მსგავსად, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებსაც ორმაგი ბეწვი აქვთ, რომლის ზედა ფენა წყალთან ერთად მტვრისგანაც იცავს მათ კანს. 

    ჯიშის სტანდარტული, მინიატურული და გიგანტური წარმომადგენლების ბეწვის ტექსტურა შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა ვიზუალი, ჩვეულებისამებრ, იდენტურია. მათ ძირითადად თეთრ, შავ, ნაცრისფერ და ყავისფერ ფერებში შეხვდებით. ბეწვის მინიმალურად ცვენის გამო, შნაუცერი ალერგიით დაავადებული ადამიანებისთვის შესანიშნავი არჩევანია. 

  • ჯიშის ხასიათი

    შნაუცერი ძალიან აქტიური ჯიშია. მას ხანგრძლივი სეირნობა, საათობით ვარჯიში და შორეული ლაშქრობები ხიბლავს. შნაუცერი მთელი ოჯახისთვის მხიარული მეგობარია, განსაკუთრებით კი იმ ბავშვისთვის, რომლებიც საკმარისად დიდები არიან იმისათვის, რომ კომპანიონ ცხოველს გააზრებულად ეთამაშონ. 

    გერმანელები ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების მთავარ ღირსებად ადამიანების დაცვას და მათ ერთგულ კომპანიონობას მიიჩნევენ. გაბედულება, თავდადება, სიმამაცე და გონიერება მათ ამ როლისთვის შესაფერის, მართლაც უნიკალურ ჯიშად აქცევს. 

    სათანადო ფიზიკური დატვირთვის არქონის შემთხვევაში, შნაუცერი მოწყენილობასა და მოუსვენრობას დესტრუქციულ ქვევაში გამოავლენს. თუმცა, მაღალი ინტელექტისა და დამჯერი ხასიათის წყალობით, საბედნიეროდ, მათი გაწვრთნა სირთულეს სულაც არ წარმოადგენს. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევაში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჯანსაღი წონის შენარჩუნება სახსრებზე დატვირთვის შემცირებაში დაეხმარება თქვენს კომპანიონ ცხოველს. ყოველდღიური სეირნობა კი მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    კარდიომიოპათია

    კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელიც გულის კუნთების, განსაკუთრებით მარცხენა პარკუჭის, გასქელებას იწვევს. დაავადებამ შესაძლოა გულის უკმარისობა და სხვა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გამოიწვიოს.

    სრულფასოვანი მკურნალობის გეგმა და გულის ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობის გარანტია. თუმცა, ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობა და მისი რეკომენდაციის საფუძველზე სპეციალიზებული დიეტის დაცვა გულის ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    როგორც კომპეტენტურ მშობელს, ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის სპეციალურად ძაღლებისთვის შექმნილი მაღალი ხარისხის საკვების შეძენა გმართებთ. თუმცა, ვინაიდან, ჯიშის რამდენიმე სახესხვაობა არსებობს, კონკრეტულად თქვენი შნაუცერის ზომის შესაბამისად შეარჩიეთ მინიატურული, საშუალო ან გიგანტური ზომის ძაღლებისთვის შექმნილი საკვები

    ნუტრიციოლოგთან კონსულტაციამდე, კვებასთან დაკავშირებულ სანდო რეკომენდაციებს პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი ინსტუქციიდან მიიღებთ. კვების სახელმძღვანელო მითითებების დაცვით  თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობასთან ერთად, მის კეთილდღეობასაც უზრუნველყოფთ. 

    დაიცავით კვების თანმიმდევრული გრაფიკი და ეცადეთ არასდროს დატოვოთ საკვები თასში მთელი დღის განმავლობაში. ამან შესაძლოა ზედმეტი კვება და წონაში მატება გამოიწვიოს. თუ თქვენს შნაუცერს ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემები ან ალერგია აქვს, კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიარეთ და სწორედ ამის შესაბამისად დადგინდეთ, არის თუ არა საჭირო სპეციალიზებული დიეტა.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    შნაუცერის სახელი ისტორიულ ჩანაწერებში მე-14 საუკუნიდან ჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, შნაუცერი ნაცრისფერი მგლის, შპიცის, შავი პუდელის და გერმანული პინჩერის შეწყვილების შედეგად წარმოიშვა. 

    გერმანული წარმოშობის ამ კომპანიონმა ცხოველებმა შეძლეს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმდენი ადამიანის გული  მოიგეს, რომ სელექციონერებმა ჯიშის კიდევ ორი სახესხვაობის, მინიატურული და გიგანტური შნაუცერის შექმნა გადაწყვიტეს.

    მაღალმა ინტელექტმა, ლოიალობამ და დამცველობითმა ინსტინქტებმა შნაუცერი ფერმერებისა და ვაჭრებისთვის საყვარელ ჯიშად აქცია. ეს შრომისმოყვარე ძაღლები ფერმის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. თუმცა, საშუალო ზომამ ისინი მსხვილფეხა პირუტყვის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებისთვისაც შესაფერის კომპანიონებად აქცია. ჯიშს ვაგონში განსათავსებლად შესაფერისი ზომა და ქურდების შესაშინებლად საჭირო გამბედაობა ჰქონდა.