ძაღლის ჯიშები

გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი

გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი ძლიერი ყნოსვისა და სამუშაო ეთიკის მქონე მრავალფუნქციური მონადირე ძაღლია. მეგობრული ტემპერამენტით გამორჩეული ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ნამდვილი სპორტსმენები არიან. უსაზღვრო ენერგია და გამძლეობა მათ შესანიშნავ კომპანიონებად აქცევს მათთვის, ვისაც ნადირობა, ლაშქრობა, ან უბრალოდ, ახალი ადგილების აღმოჩენა უყვარს. 

ცხოვრების აქტიური წესის მიუხედავად, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი ოჯახის ერთგული,  მოსიყვარულე თანამგზავრია. გონიერება და გაწონასწორებული ხასიათი მას თანაბრად შესაფერისს ხდის როგორც ბავშვებთან, ისე სხვა კომპანიონ ცხოველებთან თანაცხოვრებისთვის. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • გაწონასწორებული პიროვნება
  • მოსიყვარულე ბუნება
  • მეგობრული ხასიათი
  • ათლეტურობა
  • ენერგიულობა
  • სისწრაფე
  • გონიერება
  • ერთგულება
  • თავდაჯერებულობა
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 53-64 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 76-91 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული მამრი და მდედრი წარმომადგენლები 20-დან 32 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    გერმანული პოინტერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 77-88 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერის სახელი ბეწვის სიგრძეზე თავად მეტყველებს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ნაკლები მოვლის საჭიროებით გამოირჩევიან და მხოლოდ კვირაში ერთხელ საჭიროებენ დავარცხნას. სიგრძის მიუხედავად,  გერმანულ მოკლებეწვიან პოინტერს მაინც სცვივა ბეწვი, განსაკუთრებით სეზონის ცვლილების დროს. ამ პერიოდში, გაცვენილი თმის მოსაშორებლად, მათი კვირაში რამდენიმეჯერ დავარცხნაა რეკომენდირებული. გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი, ძირითადად, ღვიძლისფერი, შავი და თეთრი ფერების კომბინაციით ხასიათდება.

  • ჯიშის ხასიათი

    გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი ათლეტურობითა და გონიერებით განთქმული კომპანიონი ცხოველია. ამ ჯიშის წარმომადგენლები ძალიან აქტიურები არიან და ბედნიერებისთვის ინტენსიურ ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად, გონებრივ სტიმულაციასაც საჭიროებენ. ძლიერი ინსტინქტებისა და თვალთვალის შესანიშნავი უნარის გათვალისწინებით, ათლეტიზმი მათ შესანიშნავ კომპანიონებად აქცევს ისეთი აქტივობებისთვის, როგორიც სირბილი, ლაშქრობა და, რა თქმა უნდა, ნადირობაა.

    გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი აქტიური, სპორტული ოჯახებისთვის შესაფერისი ძაღლია.  ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს მინიმუმ ორი საათის განმავლობაში ესაჭიროებათ ყოველდღიური ვარჯიში. საკმარისი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, პოინტერის ენთუზიაზმი სწრაფად გარდაიქმნება დესტრუქციულ ენერგიად. შესაბამისად, თუ ცხოვრების აქტიურ წესს მიჰყვებით და, ამავდროულად, გვერდით ელეგანტური და ჭკვიანი კომპანიონი გსურთ, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი საუკეთესო არჩევანია თქვენთვის. 

    გონიერება და სწრაფად დასწავლის უნარი ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების წვრთნას შედარებით მარტივს ხდის. ისინი საუკეთესოდ პოზიტიური განმტკიცების ტექნიკაზე რეაგირებენ. თუმცა, გახსოვდეთ, განვითარების ადრეულ ეტაპზე დაწყებული ვარჯიში მათი სათანადო სოციალიზაციის აუცილებელი პირობაა. 

    მაღალი ენერგიის დონის მიუხედავად, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერები მოსიყვარულეები არიან და სიამოვნებით ატარებენ დროს ოჯახთან ერთად. სიფრთხილისა და თამაშისადმი სიყვარულის გამო, ეს ჯიში პოპულარული არჩევანია იმ ოჯახებისთვის, სადაც მოზრდილი ბავშვები ცხოვრობენ. მცირეწლოვანი ბავშვები შესაძლოა ძაღლის ენერგეტიკული დონით გადაიტვირთონ.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დაავადების დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და სიმტკიცეს შეუწყობს ხელს.

    ფონ ვილბრანდის დაავადება

    ფონ ვილებრანდის დაავადება ჭარბ სისხლდენას იწვევს. ჩვეულებისამებრ, ეს მდგომარეობა მემკვიდრულია. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, კომპანიონი ცხოველის განვითარების გვიან ეტაპზეც ვითარდება. დაავადების მიზეზი სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უმნიშვნელოვანესი ცილის დეფიციტია. 

    ფონ ვილბრანდის დაავადების მკურნალობა მედიკამენტებით ისახავს მიზნად სისხლდენის პრევენციას. სწორი მკურნალობით, დაავადების მქონე კომპანიონი ცხოველები დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. 

    ენტროპიონი

    ენტროპიონი ქუთუთოს ჩაბრუნებას და წამწამების თვალის ზედაპირთან სიახლოვეს იწვევს. ამან შესაძლოა თვალის კაკლის დაზიანება და წყლულის წარმოქმნა გამოიწვიოს. ენტროპიონი ადამიანების მსგავსად ცხოველებშიც ცრემლდენასა და სიწითლეს იწვევს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ვეტერინარები ხშირად ხელოვნურ ცრემლსა და დამატენიანებელ მალამოებს იყენებენ. 

     

    დილატაციური კარდიომიოპათია 

    დილატაციური კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც მარცხენა პარკუჭის  გაგანიერებასა და დათხელებას იწვევს. დაავადება არარეგულარულ გულისცემას, სისხლის კოლტების წარმოქმნასა და მოულოდნელ სიკვდილს იწვევს. დილატაციური კარდიომიოპათიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გენეტიკა, დიაბეტი, გულის თანდაყოლილი დაავადება ან  ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექცია გახდეს. 

    დაავადებას ხშირად დაღლილობა, გულის უკმარისობა, ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობის დაქვეითება, ფეხების შეშუპება და მუცლის არეში შესიება ახლავს თან. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. დილატაციური კარდიომიოპათიის ადრეული დიაგნოსტირება დაავადებასთან ეფექტურად ბრძოლაში დაგეხმარებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    პატარა ჯიშის კომპანიონ ცხოველებთან შედარებით, დიდი ზომის ძაღლებს საკვები ნივთიერებების განსხვავებული ბალანსი ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ უნდა გავუმასპინძლდეთ ჩვენს გერმანულ მოკლებეწვიან პოინტერს სპეციალურად დიდი ჯიშებისთვის შექმნილი დაბალანსებული საკვებით, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს. 

    ჩვეულებისამებრ, ძაღლის საკვები მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს. მაგალითად, 6 თვემდე ასაკში, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს სპეციალურად ლეკვებისთვის განკუთვნილი საკვებით უნდა გავუმასპინძლდეთ. ლეკვებისთვის საკვების მიწოდება დღეში 3-4-ჯერ არის რეკომენდირებული. თუმცა, 6 თვის შემდეგ, ზრდასრულ ძაღლებს საკვები დღეში მხოლოდ ორჯერ, დილით და საღამოს უნდა მივაწოდოთ. სასურველია საღამოს კვება ფიზიკური აქტივობის დასრულების შემდეგ დაიგეგმოს.

    ათლეტიზმის შესანარჩუნებლად და ხანგრძლივი, ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველსაყოფად, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერის წონა სათანადოდ უნდა კონტროლდებოდეს. ჭარბწონიანობის დროს ძაღლი მისთვის რეკომენდირებული წონის 20-30%-ს იმატებს. წონის ამგვარ მატებას სქელი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარება და ძაღლის ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ახლავს თან. 

    კომპანიონი ცხოველის წონის ვიზუალურად შეფასება საკმაოდ მარტივია. იდეალური წონის მქონე გერმანულ მოკლებეწვიან პოინტერს შესამჩნევი კუნთოვანი მასა, გამოყოფილი წელი და აწეული მუცელი უნდა ახასიათებდეს. 

    კუნთოვანი მასის სათანადოდ განვითარებისთვის, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერის რაციონი მაღალი ხარისხის ცილებს უნდა შეიცავდეს. სწორედ ამიტომ, უპირატესობა ისეთ საკვებს მიანიჭეთ, რომელიც ქათმის, საქონლის ან თევზის ხორცს შეიცავს ძირითადი ინგრედიენტის სახით. 

    საკვებისგან განსხვავებით, ჩვენს ოთხფეხა მეგობარს თასი მუდმივად უნდა ჰქონდეს სუფთა წყლით სავსე. სასმელი წყლის მიღებასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, უჟანგავი ფოლადის ან კერამიკული თასების  გამოყენებას გირჩევთ. თასი ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსეთ და დარწმუნდით, რომ წყალი გრილია, განსაკუთრებით ცხელ ამინდში. სეირნობის ან მოგზაურობის დროს სპეციალურად კომპანიონი ცხოველებისთვის განკუთვნილი პორტატული წყლის ბოთლი ატარეთ თან. 

    თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფიქრობთ, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კვების გრაფიკი ესაჭიროება, რეკომენდაციისთვის გირჩევთ ნუტრიციოლოგს მიმართოთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი მე-17 საუკუნეში გამოიყვანეს. სანაშენე წყვილების გულდასმით შერჩევით, მონადირეები ისეთი თვისებების გაერთიანებას ისახავდნენ მიზნად, როგორიც გამძლეობა, ინტელექტი და ძლიერი სამუშაო ეთიკაა. გერმანული პოინტერი, თავდაპირველად, მძიმე და ნელი იყო. თუმცა, ფიზიკური მახასიათებლების დახვეწის მიზნით, ის მე-19 საუკუნეში შეაწყვილეს ინგლისურ პოინტერთან. 

    გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი წარმატებით ნადირობდა როგორც წყლის ფრინველებზე, აგრეთვე, კურდღლებზე, ენოტებსა და ირმებზეც კი. ვეებერთელა ფეხებითა და მოქნილი სხეულით, მას ცურვაც შესანიშნავად შეეძლო. მე-19 საუკუნის ბოლოს ჯიში გერმანიის საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა აღიარება. ნადირობის გამორჩეულმა უნარებმა, ერთგულ და მეგობრულ ბუნებასთან ერთად, გერმანული მოკლებეწვიანი მონადირეების საყვარელ ჯიშად აქცია.