კატის ჯიშები

ბირმანი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ბირმანი

“ბირმის წმინდა კატების” სახელით ცნობილი ბირმანები სამეფო გარეგნობას ტკბილ და მოსიყვარულე ტემპერამენტთან აერთიანებენ. ბირმანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მისი სხეულისა და თათების კონტრასტია. ფიზიკური სილამაზის გარდა, ბირმანები გონიერებით, ცნობისმოყვარეობითა და ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარითაც ხასიათდებიან. ისინი უპრობლემოდ ერგებიან ცხოვრების სხვადასხვა სტილს და სიამოვნებით ურთიერთობენ როგორც უფროსებთან, ასევე ბავშვებთან. ეს მშვიდი და კომუნიკაბელური ტემპერამენტი მათ იდეალურ კომპანიონ ცხოველებად აქცევს. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ნაზი და მოსიყვარულე ხასიათი 
  • მორჩილი ტემპერამენტი
  • სოციალური ბუნება
  • ერთგულება
  • გონიერება
  • სილაღე
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ბირმანის სიმაღლე 20-25 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 38-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ბირმანი 4.5 კილოგრამიდან 5.4 კილოგრამამდე იწონის. ბირმანის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბირმანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 13-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ბირმანის ბეწვს თხელი აბრეშუმისებრი ტექსტურა აქვს. სხეულზე არსებული ბეწვი ყურებზე, სახეზე, თათებზე და კუდზე არსებულ ლაქებთან შედარებით უფრო ღია ფერისაა. ბეწვის სიგრძემ შესაძლოა გაფიქრებინოთ, რომ ჯიში განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, თუმცა, სინამდვილეში, ბირმანის ბეწვის საფარი არც თუ ისე რთულად მოსავლელია. ჯიშისთვის დამახასიათებელი აბრეშუმისებრი ბეწვი მხოლოდ რბილი ფუნჯით ყოველდღიურ დავარცხნას საჭიროებს.

  • ჯიშის ხასიათი

    ბირმანის პიროვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტი მისი ნაზი და მოსიყვარულე ხასიათია. ბირმანები კომუნიკაბელური არსებები არიან და ოჯახურ აქტივობებშიც სიამოვნებთ იღებენ მონაწილეობას. თუმცა, არის მომენტები, როდესაც მარტოობით ტკბებიან და კომპანიონ ადამიანებს შორიდან აკვირდებიან. 

    გონიერი და ცნობისმოყვარე ბირმანები ხშირად იჩენენ გარემოს შესწავლის სურვილს. საბედნიეროდ, ამ პროცესში დესტრუქციული ქცევის ნაცვლად ისინი მხოლოდ უწყინარ სიცელქესა და მხიარულებას ავლენენ. ბავშვებისა და სხვა შინაური ცხოველებისადმი გამოვლენილი კეთილგანწყობა ბირმანების დადებით რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია კატებში გავრცელებული გულის დაავადებაა, რომელიც გულის კუნთების გასქელებას და სისხლის მიმოქცევის გაძნელებას იწვევს. დაავადებისადმი გენეტიკური მიდრეკილების გამო, სასურველია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის გულის ჯანმრთელობა სათანადო ვეტერინარული გამოკვლევით რეგულარულად შეამოწოთ. 

    ჯიშისთვის რეკომენდირებული სხეულის წონის შენარჩუნება, დაბალანსებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

    თირკმლის პოლიკისტოზი

    თირკმლის პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც თირკმელებში კისტების წარმოქმნას იწვევს. დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები წელის არეში ტკივილს, შეშუპებას, მაღალ არტერიულ წნევას, პირის სიმშრალესა და წყურვილის მომატებულ გრძნობას მოიცავს. პოლიკისტოზის დიაგნოსტიკა ულტრა-ბგერითი გამოკვლევის შედეგად ხდება. 

    მკურნალობის პროცესი შესაძლოა ორგანიზმიდან ჭარბი სითხის ხელოვნურად გამოდევნას და დონორული ორგანოს გადანერგვას საჭიროებდეს. თირკმლის პოლიკისტოზის დროს სასურველია კომპანიონი ცხოველი ცილების, მარილებისა და ცხიმიანი ხორცის დიდი რაოდენობით მიღებას მოარიდოთ. 

    ჰიპოტრიქოზი

    ჰიპოტრიქოზი თმის ზრდასთან დაკავშირებული გენეტიკური დარღვევაა, რომელიც კომპანიონი ცხოველის ბეწვის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. დაავადების პრევენციაში საკვები ნივთიერებებით მდიდარი დიეტა, კანის რეგულარული მოვლა და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი ვეტერინარული შემოწმება დაგეხმარებათ.

    თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრზე დაკვირვების შედეგად ჰიპოტრიქოზის ნიშნებს გამოავლენთ, ვეტერინართან კონსულტაცია გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირებასა და შესაბამისი ზომების დროულად მიღებაში დაგეხმარებათ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    სხვა კომპანიონი ცხოველების მსგავსად, ბირმანებსაც აუცილებელი საკვები ნივთიერებებით მდიდარი დიეტა ესაჭიროებათ. საუკეთესო შემთხვევაში, მათი რაციონი ცილების, ცხიმების, ვიტამინებისა და მინერალების დაბალანსებული რაოდენობისგან უნდა შედგებოდეს. თუმცა, თირკმლის პოლიკისტოზისადმი მიდრეკილების გამო სასურველია თქვენი ოთხფეხა მეგობარი ცილების, მარილებისა და ცხიმიანი ხორცის დიდი რაოდენობით მიღებას მოარიდოთ. 

    ჯანსაღი მადის გამო ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ჭარბი წონის მატების საფრთხე ემუქრებათ. ამ მდგომარეობის მართვა მხოლოდ კომპეტენტური ზრუნვისა და პორციების კონტროლით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანსაღი წონის შენარჩუნება სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების განვითარებას უშლის ხელს, როგორიც დიაბეტი და ართრიტია. იმის ნაცვლად, რომ საკვების თასი მთელი დღის განმავლობაში დატოვოთ სავსე, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს დღეში ორჯერ ან სამჯერ გაუმასპინძლდით საკვებით. 

    დარწმუნდით, რომ თქვენი ბირმანისთვის რეკომენდირებული საკვები სასარგებლო ნივთიერებების დაბალანსებულ კომბინაციას შეიცავს და ვიტამინებთან ერთად მინერალებსაც აერთიანებს. თქვენი ბირმანის ასაკის, წონისა და აქტივობის შესაბამისი სპეციფიკური მოთხოვნების დასადგენად კონსულტაცია თქვენს ნუტრიციოლოგთან გაიარეთ.

    სხვა კატების მსგავსად ბირმანებსაც სჭირდებათ წყლის ადეკვატური ოდენობით მიღება. დარწმუნდით, რომ მათ ყოველთვის აქვთ წვდომა სუფთა წყალზე და მათი სხეულის ჰიდრატაციას ხელი სველი საკვების მიწოდებითაც შეუწყეთ. 

    თქვენი ბირმანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და, საჭიროების შემთხვევაში, დიეტის კორექტირებისთვის ნუტრიციოლოგთან მჭიდრო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კომპეტენტური ზრუნვის ამგვარი პრაქტიკა თქვენი კომპანიონი ცხოველის ბედნიერ და ჯანსაღ ცხოვრებას უზრუნველყოფს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბირმანის კატა წარმოშობით ბირმადან, ახლანდელი მიანმარიდან არის. ბირმანის ფესვები წმინდა ტაძრებთან და ძველ რწმენებთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოშობის ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, ბირმის ფოლკლორი შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ბირმანს მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორია აქვს. 

    ლეგენდის თანახმად, ბირმანები ტაძრის წმინდა კატებად ითვლებოდნენ. მათ ბირმის ტაძრებში დამკვიდრებული მღვდლების თანამგზავრებად მიიჩნევდნენ და ამის გამო განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯიშის წარმოშობას ქმერების იმპერიას უკავშირებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კომპანიონი ცხოველების ამ სახეობის განვითარება ლაოსისა და ტაილანდის ტაძრებს უკავშირდება. 

    ლეგენდის თანახმად, ბირმანები ლაო-ცუნის ტაძარში ცხოვრობდნენ და გარდაცვლილი მღვდლების სულებს განასახიერებდნენ. ლაო-ცუნის ტაძრის მკვიდრი ბერები ფიქრობდნენ, რომ ბირმანის გასაოცარი გარეგნობაც სწორედ ღვთიური საჩუქარი იყო.

    ბირმანის მოგზაურობა ბირმის საზღვრებს მიღმა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. თავდაპირველად, ჯიშმა ყურადღება ბრიტანეთის კოლონიალურ ეპოქაში მიიპყრო. გადამდგარი არმიის მაიორმა, გორდონ რასელმა ბირმანის წყვილი, სახელად მალდა და ორლოფი ევროპაში 1919 წელს წაიყვანა. სამწუხაროდ, მალდა მოგზაურობას ვერ გადაურჩა. თუმცა, ორლოფი დასავლურ სამყაროში ჯიშის განვითარების საფუძველი გახდა. 

    ბირმანებმა სწრაფად მოიპოვეს მოსიყვარულე, ნაზი და კომუნიკაბელური თანამგზავრების რეპუტაცია. დღეს კომპანიონი ცხოველების ამ სახეობას მათი მიმზიდველი გარეგნობისა და პიროვნების გამო მთელ მსოფლიოში აფასებენ.