ძაღლის ჯიშები

ბოქსიორი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ბოქსიორი

ბოქსიორი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ბავშვების მიმართ ალერსიანობითაც გამოირჩევა. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი ცოცხალი, ძლიერი და ერთგული კომპანიონი ცხოველია. მხიარული ბოქსერები, მეგობრული ქცევის გარდა, მაღალი ინტელექტითა და გონიერებითაც არიან განთქმული. ვარჯიშის თანმიმდევრულ მეთოდებზე ეფექტური რეაგირება მათ მრავალმხრივ და მორჩილ კომპანიონ ცხოველებად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • მაღალი ინტელექტი
  • ერთგულება
  • ენერგიულობა
  • სიმამაცე
  • გამბედაობა
  • შეუპოვრობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი ბოქსიორი სიმაღლეში 55-59.7, მამრი ბოქსიორი კი 58-64 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მდედრი და მამრი ბოქსიორის სიგრძე 76-89 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ბოქსიორის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ბოქსიორი 27-32 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ბოქსიორის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 25-29 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბოქსიორის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 12 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 60-69 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ბოქსიორებს მოკლე და გლუვი ბეწვის საფარი ამშვენებთ. მოვლის თვალსაზრისით, ბოქსიორის ბეწვი განსაკუთრებულ ზრუნვას არ საჭიროებს. თუმცა, სისუფთავის შესანარჩუნებლად და ზედმეტი ბეწვის მოსაშორებლად, რუტინულ ვარცხნას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

  • ჯიშის ხასიათი

    ბოქსიორის ხალისიანი და მოსიყვარულე პიროვნებით არის ცნობილი. მისი უსაზღვრო ენერგია და ცნობისმოყვარე ბუნება მოზრდილებთან ერთად ბავშვებსაც ხიბლავს. ეს ძაღლები უაღრესად სოციალურები არიან და მტკიცე გარეგნობის მიუხედავად, ნაზი და მეგობრული ქცევა ახასიათებთ.

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ხშირად ავლენენ საოცარ მოთმინებასა და შემწყნარებლობას. თანდაყოლილი ინტელექტი და ჯილდოსადმი ლტოლვა მათი გაწვრთნის პროცესს შედარებით მარტივ გამოწვევად აქცევს. თუმცა, ბოქსიორი სათანადოდ აღზრდა თანმიმდევრულ და მტკიცე ხელმძღვანელობას მოითხოვს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბრაქიცეფალია

    მოპსის მსგავსად, ბოქსიორი ბრაქიცეფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოკლე ცხვირითა და შევიწროებული ნესტოებით ხასიათდება. სწორედ ამიტომ, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნთქვის პრობლემებისა და ხვრინვისკენ არიან მიდრეკილი. მათი სუნთქვის პრობლემა წონის მატებასთან ერთად უარესდება. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი საკვების მიღებასა და წონის მონიტორინგს პრობლემის პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    თავის ქალის ბრაქიცეფალიური სტრუქტურის გამო, ბოქსიორების დახურულ სივრცეში დიდხანს დატოვება განსაკუთრებით სახიფათოა. დახუთულ გარემოში ბოქსიორებს შეიძლება სუნთქვა გაუძნელდეთ და კრუნჩხვითი შეტევები განუვითარდეთ. მოერიდეთ, აგრეთვე, ბოქსიორის მზის გულზე გასეირნებას. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მზის პირდაპირი სხივები ჩვენი კომპანიონი ცხოველების ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.

    ალერგია

    ბოქსიორებს ალერგიული ფონით გამოწვეული კანის ინფექციებიც ხშირად აწუხებთ. საკვებით ან ალერგენებით (მტვერი და ობი) მიმართ გამოწვეულ სიმპტომებს იოლად შეამჩნევთ. ჩვეულებისამებრ, სიმპტომები კანის ქავილთან ერთად ბეწვის გადაჭარბებულ ცვენაშიც გამოიხატება.

    კანის ინფექციებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასარიდებლად, სპეციალურად ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. აგრეთვე, შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია თქვენს ოთხფეხა მეგობარს ალერგიული სინჯი გაუკეთოთ და მაქსიმალური სიზუსტით დაადგინოთ, თუ რომელ პროდუქტებზე აქვს მას ალერგია. ეს შესაძლებლობას მოგცემთ რაციონიდან ამოიღოთ ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც თქვენი ბოქსიორის კვებით ალერგიას იწვევს.

    თვალის პრობლემები

    თვალის სიმშრალე წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. ცრემლის წარმოქმნის სირთულე თვალის გაღიზიანებასა და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. თვალის პრობლემების მაპროვოცირებელ გარემოებად ხშირად კლიმატი გვევლინება. მაგალითად, თუ ზაფხულის გატარებას თქვენს პატარა მეგობართან ერთად, ზღვისპირა ქალაქში დააპირებთ, სასურველია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და თქვენი კომპანიონი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ სიცხეს.

    ბოქსიორის თვალები მტვრის მიმართაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, თქვენ კომპანიონ ცხოველთან ერთად ქარიან ამინდში სეირნობაზეც უარი თქვათ.

    გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ თვალის დაავადებისთვის დამახასიათებელი ისეთი ადრეული სიმპტომების მიმართ, როგორიც სიწითლე და ცრემლდენაა. სასურველია ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე ესტუმროთ ვეტერინარს. როგორც კომპეტენტურმა მშობელმა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისიც, რომ თვალებზე ყოველდღიურ ზრუნვას და სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებებით მათ ყოველდღიურ წმენდას დაავადებების პრევენციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია სამედიცინო ტერმინია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    აორტის სტენოზი

    ბოქსიორის ჯიშისთვის დამახასიათებელი ეს დეფექტი გულს აიძულებს ორგანიზმის სისხლით მოსამარაგებლად უფრო მეტი დატვირთვით იმუშაოს. აორტის სტენოზის უყურადღებოდ დაყოვებამ შესაძლოა გულისცემის გახშირება და უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ჩვეულებისამებრ, ვეტერინარი დიაგნოზს კომპანიონ ცხოველზე სათანადო დაკვირვების საფუძველზე, გულის კარდიოლოგიური გამოკვლევის შემდეგ სვამს.

    კარდიომიოპათია

    კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელიც გულის კუნთების, განსაკუთრებით მარცხენა პარკუჭის, გასქელებას იწვევს. დაავადებამ შესაძლოა გულის უკმარისობა და სხვა გულ-სისხლძარღვთა პრობლემები გამოიწვიოს.

    კარდიომიოპათიით გამოწვეული სიმპტომების სამართავად და დაავადების პროგრესირების შესანელებლად ვეტერინარები ხშირად მედიკამენტებით მკურნალობას მიმართავენ. სრულფასოვანი მკურნალობის გეგმა და გულის ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობის გარანტია. თუმცა, ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობა და მისი რეკომენდაციის საფუძველზე სპეციალიზებული დიეტის დაცვა გულის ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

    ლიმფომა

    ლიმფომა დაავადებაა, რომელიც ლიმფური სისტემის უჯრედების დაზიანებას იწვევს. დაავადების დროს ლიმფოციტები სიმსივნური უჯრედების მსგავსად იქცევიან, უკონტროლოდ მრავლდებიან და ლიმფურ კვანძებში გროვდებიან. ვინაიდან, ლიმფოციტები მთელს ორგანიზმში ცირკულირებენ, სიმსივნური წარმონაქმნები შესაძლოა ლიმფური კვანძის გარდა სხეულის სხვა ადგილებშიც წარმოიქმნას.

    გენეტიკური ფაქტორების გარდა, ლიმფომის გამოწვევა ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებსაც შეუძლია. ტემპერატურის მატება, წონის კლება, ჭარბი ოფლიანობა, დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება ის სიმპტომებია, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე ჩანიშნეთ ვიზიტი ვეტერინართან და დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

    ეპილეფსია

    ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდები ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება.

    ეპილეფსიის პრევენციული ღონისძიებები თანმიმდევრული რუტინის შენარჩუნებას და სტრესის მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ვეტერინარის დროული ყურადღება და შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობის დაწყება ამ დაავადების მართვის საუკეთესო  გზაა.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    როდესაც საქმე ბოქსიორის კვებას ეხება, რამდენიმე ფაქტორის ყურადღებით გათვალისწინება გვართებს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სპეციფიკური დიეტური მოთხოვნილებების მქონე, ენერგიული ძაღლები არიან, რომელთა დაკმაყოფილება მათი ოპტიმალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, უპირველეს ყოვლისა, საკვების ხარისხს უნდა მივაქციოთ ყურადღება. აუცილებელია შევარჩიოთ მაღალი ხარისხის, დაბალანსებული საკვები, რომელიც სპეციალურად საშუალო და დიდი ჯიშებისთვის არის შექმნილი.

    ბოქსიორები სიმსუქნისკენ არიან მიდრეკილი, ამიტომ მათი პორციების ზომის კონტროლი და წონის რეგულარული მონიტორინგი გვმართებს. საკვების მწარმოებლის მიერ მოწოდებული კვების მითითებების გათვალისწინება შესანიშნავი დასაწყისია. თუმცა, რაციონის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ცვლილება და მისი კომპანიონი ცხოველის ასაკის, აქტივობის დონისა და მეტაბოლიზმის მიხედვით კორექტირება ნუტრიციოლოგთან კონსულტაციას საჭიროებს.

    კვების სიხშირე კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია. ზრდასრული ბოქსიორების უმეტესობა დღეში ორჯერ მიირთმევს, თუმცა, სწორი ზრდისა და განვითარებისთვის, ლეკვებს სამი ან ოთხი მცირე კვება ესაჭიროებათ. კვების დროის გამოჩენილი თანმიმდევრულობა ხელს უწყობს ჩვენი ოთხფეხა მეგობრის მეტაბოლიზმის რეგულირებას და ხელს უშლის საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარებას.

    კუჭ-ნაწლავის მგრძნობელობა და ალერგია ამ კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საყურადღებო პრობლემებია. თუ თქვენს ბოქსიორს საკვების აუტანლობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები ან კანის პრობლემები აღენიშნება, დიეტური ცვლილებებისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ნუტრიციოლოგს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ბოქსიორის წინაპრები გერმანული ბულენბაისერი და ინგლისური ბულდოგი არიან. ამის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბოქსიორს გერმანული ბულდოგის სახელითაც მოიხსენიებდნენ.

    თანდაყოლილი ინსტინქტების დამსახურებით, ბოქსიორი, წლების განმავლობაში, წარმატებით ართმევდა თავს ირმებზე, ტახებზე და დათვებზე ნადირობას. თუმცა, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მისი თავდაპირველი როლი შეიცვალა და ამ კოპანიონი ცხოველის გამოყენება სამხედრო ძაღლის სტატუსით დაიწყეს სამხედროებმა. ბოქსორის მისია შეტყობინებების საჭირო ადგილას წაღება და სწორი ადამიანისთვის გადაცემა იყო.

    ომის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ძაღლებმა ბოქსიორი ოჯახის მნიშვნელოვან წევრად აქციეს. ჯიშის პოპულარობა გერმანიის ფარგლებს გარეთ მე-20 საუკუნის დასაწყისში გავრცელდა. ამერიკულმა Kennel Club-მა ბოქსიორის ჯიში ოფიციალურად 1904 წელს აღიარა.