კატის ჯიშები

ბრიტანული გრძელბეწვიანი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ბრიტანული გრძელბეწვიანი

ბრიტანულ გრძელბეწვიან კატებს მყუდრო ადგილებში მოკალათება და მშვიდი ცნობისმოყვარეობით გარემოზე დაკვირვება ხიბლავთ. არისტოკრატული გარეგნობის მიუხედავად, ისინი საკმაოდ მეგობრულები არიან, თუმცა, მამრი და მდედრი ბრიტანული გრძელბეწვიანი კატები, პიროვნების თვალსაზრისით, ოდნავ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მამრობითი სქესის წარმომადგენლები ნებისმიერი ადამიანისგან მიესალმებიან ყურადღებას. მდედრობითი სქესის ბრიტანული გრძელბეწვიანები კი ჭეშმარიტი ბრიტანელი ქალბატონების მსგავსად განსაკუთრებული სერიოზულობით გამოირჩევიან. 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მშვიდი ბუნება
  • ცნობისმოყვარეობა
  • კომუნიკაბელურობა
  • ადამიანებისადმი მიჯაჭვულობა
  • ყოველდღიური მოვლის საჭიროება
  • გონიერება
  • ერთგულება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ბრიტანული გრძელბეწვიანის სიმაღლე 30-46 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 56-64 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ბრიტანული გრძელბეწვიანი 3.2 კილოგრამიდან 7.7 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ბრიტანული გრძელბეწვიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 17 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და ჩვენი კომპანიონი ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა მათი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ოთხფეხა მეგობრების ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ბრიტანულ გრძელბეწვიან კატას გრძელი, მოცულობითი ბეწვი ამშვენებს. ამ კომპანიონი ცხოველების ბეწვის საფარის ქვედა ფენა სხეულისთვის დამატებით სითბოს უზრუნველყოფს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის, კნუტობის ასაკშიც, რეგულარულ მოვლას საჭიროებს.

  • ჯიშის ხასიათი

    ბრიტანული გრძელბეწვიანი გაწონასწორებული ტემპერამენტის მქონე, ესთეტიკურად მიმზიდველი ჯიშია. მისი მეგობრული დამოკიდებულება ბავშვებსა და სხვა შინაურ ცხოველებზეც ვრცელდება, რაც ოჯახში ჰარმონიულ ურთიერთობებს უწყობს ხელს.

    ბრიტანული გრძელბეწვიანი კატა შესაძლოა ყველასთვის საყვარელ მულტიპლიკაციურ პერსონაჟს, გარფილდსაც, შევადაროთ. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებსაც სწორედ გარფილდის მსგავსად უყვართ ძილი და ჭამა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული გრძელბეწვიანი გარფილდის მსგავსი მომთხოვნი ხასიათით არ გამოირჩევა, მგრძნობიარე პიროვნების გამო, გარკვეულ შემთხვევებში, მათი მოთხოვნილებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, ქცევითი პრობლემები გამოიწვიოს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ჭარბწონიანობა

    ჭარბმა წონამ შესაძლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის დიაბეტი, ართრიტი და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებაც კი გამოიწვიოს. ბრიტანული გრძელბეწვიანის წონის მონიტორინგი დაბალანსებულ დიეტას, პორციების კონტროლს და რეგულარულ ვარჯიშს საჭიროებს.

    თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში კატებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის საკვები, ზედმეტი კალორიების თავიდან აცილება და ინტერაქტიული თამაშები დაგეხმარებათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი,  აქტიური ცხოვრების წესის ხელშეწყობა და ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია ჭარბწონიანობის თავიდან აცილებასთან ერთად თქვენი კომპანიონი ცხოველის ბედნიერი ცხოვრების უზრუნველყოფაშიც დაგეხმარებათ.

    პოლიკისტოზი

    პოლიკისტოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სითხით სავსე ცისტების ფორმირებას და თირკმელების ფუნქციის დაკარგვას იწვევს. დაავადების გავრცელების პრევენციისთვის პოლიკისტოზის გენის მატარებელი კომპანიონი ცხოველის იდენტიფიცირება და გამრავლების პროცესისთვის მათი შეუსაბამოდ გამოცხადებაა საჭირო.

    თირკმლის ფუნქციის მხარდასაჭერად შესაძლოა სპეციალიზებული დიეტის დაცვა გახდეს საჭირო. ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ გამოცდილ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის საფუძველზეა რეკომენდირებული. სისხლის ანალიზები, ხშირი ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონ ცხოველზე კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა დაავადების მართვაში და მკურნალობის სტრატეგიის კორექტირებაში დაგეხმარებათ.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელსაც პარკუჭების კედლების გასქელება ახასიათებს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ კომპანიონ ცხოველებს არითმია და გულმკერდის არეში ტკივილი აღენიშნებათ. დაავადების სამკურნალოდ ხშირად გულის შეკუმშვის ძალის შესამცირებელ მედიკამენტებს იყენებენ.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შესაძლოა ახალშობილობის ან ზრდასრულობის პერიოდში გამოვლინდეს. დაავადების ეფექტურად მართვას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციის, სათანადო ვარჯიშისა და ჭარბწონიანობის თავიდან აცილებით შეძლებთ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ზრდასრული ბრიტანული გრძელბეწვიანი ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესის მქონე, მშვიდი კომპანიონია. სწორედ ამიტომ, დღის განმავლობაში მას იმაზე ნაკლები საკვები ესაჭიროება, ვიდრე, მათი ზომის გათვალისწინებით, ერთი შეხედვით ჩანს.

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები, მოზრდილ ასაკში, დღეში ორჯერ, რეგულარული გრაფიკით გამოკვებეთ და გახსოვდეთ, რომ კნუტების შემთხვევაში კვების სიხშირე გაცილებით მეტი, ულუფების ზომა კი მნიშვნელოვნად ნაკლები უნდა იყოს.

    საუკეთესო შემთხვევაში, ბრიტანულ გრძელბეწვიან კატებს ესაჭიროებათ დაბალანსებული დიეტა, რომელიც მაღალი ხარისხის ცილებს, აუცილებელ ცხიმებს, ვიტამინებსა და მინერალებს აერთიანებს. ცილა მათი კუნთოვანი მასისა და სხეულის მთლიანი ფუნქციის შესანარჩუნებლად არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, შეარჩიეთ ისეთი კომერციული კატის საკვები, რომელიც მთავარ ინგრედიენტად ცილის მაღალი ხარისხის წყაროს (ქათამს, ინდაურს ან თევზს) ასახელებს.

    ჯანსაღი კანისა და ბეწვისა უზრუნველსაყოფად, ბრიტანულ გრძელბეწვიან კატებს რაციონში ცხიმის ზომიერი რაოდენობაც ესაჭიროებათ. საჭმლის მონელების პროცესის ხელშესაწყობად, კომპანიონი ცხოველების დიეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ბოჭკოვანი საკვებია.

    საკვების შერჩევისას მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც სპეციალურად თქვენი ოთხფეხა მეგობრის ცხოვრების ეტაპისა და აქტივობის დონის შესაბამისადაა შექმნილი. ბრიტანული გრძელბეწვიანი კატების ჭარბი წონის მატებისადმი მიდრეკილების გამო, საკვების ეტიკეტზე დატანილ ინსტრუქციას მიჰყევით და ცვლილებები მხოლოდ ნუტრიციოლოგის რეკომენდაციით შეიტანეთ რაციონში.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    მრგვალი სახის, მოკლე ცხვირისა და გრძელი, მოცულობითი ბეწვის მქონე თანამედროვე ბრიტანული გრძელბეწვიანის მისაღებად, სელექციონერებმა ბრიტანული მოკლებეწვიანი, სხვადასხვა დროს, სპარსულ კატასთან და თურქულ ანგორასთან შეაწყვილეს. შედეგად მივიღეთ მტკიცე აღნაგობისა და მეგობრული ტემპერამენტის მქონე კომპანიონი ცხოველი, რომელსაც ყურების დამახასიათებელი ფორმა და თვალწარმტაცი გრძელი ქურთუკი ამშვენებს.

    ბრიტანულმა გრძელბეწვიანმა მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა ხანებში მოიპოვა დამსახურებული აღიარება. მთელი ამ დროის განმავლობაში, სელექციონერები ჯიშის დახვეწას და გამორჩეულ გარეგნობასთან ერთად, მის ჯანმრთელობასა და ტემპერამენტზე ზრუნვასაც აგრძელებდნენ.