ძაღლის ჯიშები

ჩიხუახუა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ჩიხუახუა

ჩიხუახუა მინიატურული ზომის ძაღლია, რომლის პიროვნება მნიშვნელოვნად აღემატება მის აღნაგობას. მექსიკის ეროვნულ სიმბოლოდ ქცეული ეს სახეობა უძველეს ჯიშებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს. მისი წარმომავლობა კოლუმბიამდელი პერიოდის უძველეს სამეფოებს უკავშირდება. პროპორციული ტანის, დაცქვეტილი ყურებისა და საშუალო ზომის კუდის მქონე ეს კომპანიონი ცხოველები განსაკუთრებული ერთგულებითა და ენერგიულობით გამოირჩევიან. მცირე ზომის მიუხედავად, ჩიხუახუა თამამი და თავდაჯერებული ქცევით ხასიათდება. კომპანიონი ადამიანების გარემოცვაში ისინი სიმამაცესთან ერთად მეამბოხე ბუნებასაც ხშირად ავლენენ.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  •  ოჯახთან მიჯაჭვულობა
  • მოსიყვარულე ბუნება
  • სითამამე და თავდაჯერებულობა
  • უცხოებისადმი გამოვლენილი აგრესია
  • ინტელექტის მაღალი დონე
  • ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ზომის თვალსაზრისით, მდედრი და მამრი ჩიხუახუა მსგავსი ფიზიკური აღნაგობით ხასიათდებიან. მათი სიმაღლე 22-დან 33 სანტიმეტრამდე მერყეობს. სიგრძეს რაც შეეხება, ეს მაჩვენებელი 24-38 სანტიმეტრს შეადგენს.

    წონა

    ზრდასრული მამრი და მდედრი ჩიხუახუები 1.4-დან 2.7 კილოგრამამდე იწონიან. თუმცა, ინდივიდუალურ შემთხვევებში, წონა შესაძლოა გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლებოდეს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ჩიხუახუას სიცოცხლის ხანგრძლივობა 14-დან 16 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების, დაახლოებით, 72-80 წელს უტოლდება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ციფრები პირობითია და ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების წესსა და ხარისხზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ჩიხუახუები ბეწვის საფარის ორი ძირითადი ტიპით ხასიათდებიან. მოკლე, გლუვი ბეწვი, რომელსაც პრიალა ტექსტურა აქვს და გრძელი ბეწვი, რომელიც შესაძლოა სწორი ან ოდნავ ტალღოვანი იყოს. ორივე შემთხვევაში, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი რუტინულ დავარცხნასა და დაბანას საჭიროებს. სეზონური ცვლილებებით გამოწვეულ სიცივესთან გასამკლავებლად, მოკლე ბეწვით დაფარული ჩიხუახუებისთვის შესაძლოა ცივ ამინდში სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ტანსაცმელი გახდეს საჭირო.

  • ჯიშის ხასიათი

    ჩიხუახუა ცნობისმოყვარე, ენერგიული და გონიერი კომპანიონი ცხოველია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი აგრესიული ხასიათის მიღმა, მეგობრულ დამოკიდებულებას ავლენს ოჯახის წვრების მიმართ.  მათი მოსიყვარულე ბუნება ხშირად თანამგზავრ ადამიანებთან ახლო კონტაქტში და ჩახუტების სურვილში გამოიხატება. თუმცა, ადეკვატური სოციალიზაციის გარეშე, ჯიში უცხო ადამიანებისადმი კეთილგანწყობით ნამდვილად არ გამოირჩევა.

    ჩიხუახუა თამამი და ქარიზმატული ბუნებით ხასიათდება. მცირე ზომის მიუხედავად, ეს კომპანიონი ცხოველები ხშირად ავლენენ თავდაჯერებულ და უშიშარ ქცევას, რაც, დაგვეთანხმებით, ხშირად მათ ფიზიკურ მახასიათებლებთან წინააღმდეგობაში მოდის. დამცავი ინსტინქტი სახეობის განმსაზღვრელი კიდევ ერთი თვისებაა. მცირე ზომის მიუხედავად, ჩიხუახუები გაბედულად იცავენ თავიანთ მფლობელებს, როდესაც საფრთხეს გრძნობენ.

    როგორც ხედავთ, ჩიხუახუას ხასიათი თავდაჯერებულობის, ერთგულებისა და მხიარულების სასიამოვნო კომბინაციაა, რომელიც უსაზღვრო სიხარულს მიანიჭებს მათ, ვინც საკმარისად იღბლიანია, რომ ცხოვრება ამ პატარა უნიკალურ კომპანიონებს დაუკავშიროს. ჩიხუახუა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც მინიატურული ზომის ენერგიული და მოსიყვარულე თანამგზავრის ყოლა სურს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა, რომელიც გადაადგილებისას ტკივილს იწვევს. პრობლემის თავიდან ასაცილებლად სახსრების ირგვლივ არსებული კუნთების რეგულარულ ვარჯიშს და წონის მონიტორინგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაცია გახდეს საჭირო. თუმცა, რუტინული შემოწმებების დროს, ვეტერინარი მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეული ნიშნების აღმოჩენას და შესაბამისი ზომების მიღებას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე შეძლებს.

    სტომატოლოგიური პრობლემები

    ჩიხუახუას სტომატოლოგიური პრობლემებისადმი მიდრეკილებამ შესაძლოა ღრძილების დაავადება და კბილების დაკარგვაც კი გამოიწვიოს. პირის ღრუს ჰიჰიენის დაცვა, ვეტერინარის მიერ კბილების პროფესიული წმენდა და ძაღლებისთვის განკუთვნილი კბილის პასტით კბილების ყოველდღიურად გახეხვა, სტომატოლოგიური პრობლემების პრევენციის საუკეთესო გზაა

    ჰიპოგლიკემია

    ჰიპოგლიკემია სახეობისთვის დამახასიათებელი მინიატურული ზომისა და სწრაფი მეტაბოლიზმის შედეგია. სათანადო მკურნალობის დაყოვნების შემთხვევაში, სისხლში შაქრის დაბალმა დონემ შესაძლოა ხასიათისა და ქცევის საგრძნობი ცვლილები გამოიწვიოს.

    პრობლემის პრევენციის მიზნით, გირჩევთ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი დღის განმავლობაში რამდენჯერმე, მცირე ულუფებით გამოკვებოთ. ადეკვატური ნუტრიენტებით მდიდარი საკვების მიღება სისხლში შაქრის დონის ამაღლებაში დაგეხმარებათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჰიპოგლიკემიის მკურნალობა მხოლოდ ნუტრიციოლოგთან თანამშრომლობის შედეგადაა შესაძლებელი.

    ტრაქეის სისუსტე

    კომპანიონი ცხოველების ტრაქეა დროთა განმავლობაში სუსტდება, რაც სასუნთქი გზების კოლაფსს, სუნთქვის გაძნელებასა და ფიზიკური აქტივობის დონის შემცირებას იწვევს.

    ამ პრობლემის პრევენციისა და ტრაქეაზე დატვირთვის შესამცირებლად საყელოს ნაცვლად აღკაზმულობის გამოყენებას გირჩევთ. ჯანსაღი წონის უზრუნველყოფა და ისეთი აქტივობების თავიდან აცილება, რომლებმაც შესაძლოა კისრის დაძაბვა გამოიწვიოს, აგრეთვე დაგეხმარებათ პრობლემის პრევენციაში.

    გულის პრობლემები

    ჩიხუახუების გარკვეული ნაწილი გულის დაავადებისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება, გულის ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით მდიდარი დიეტა და ჯანსაღი წონის შენარჩუნება თავიდან აგაცილებთ გულის პრობლემებისთვის დამახასიათებელ ისეთ სიმპტომებს, როგორიც ხველა და სუნთქვის გაძნელებაა.

    რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები და სიმპტომების წარმოქმნისთანავე რეაგირება ჩიხუახუას ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია. ვეტერინართან კომუნიკაცია ნებისმიერი საფრთხის დროული აღმოფხვრისა და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    კომპეტენტური მშობლების უმრავლესობას გააზრებული აქვს, რომ სპეციფიკური ნუტრიციოლოგიური საჭიროებების გამო სათანადო კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

    დიდი ზომის ძაღლებთან შედარებით, ამ პატარა კომპანიონ ცხოველებს სწრაფი მეტაბოლიზმი ახასიათებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული კალორიები მათ ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს უნდა შეესაბამებოდეს. ამ მიზნით, სასურველია თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი მაღალი ხარისხის კომერციული ძაღლის საკვებით გამოკვებოთ, რომელიც სპეციალურად ოთხფეხა მეგობრების კვებითი საჭიროებების შესაბამისად, დაბალანსებული ფორმულით არის შექმნილი.

    ვინაიდან, ცილა ჩიხუახუას დიეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, სასურველია ისეთი საკვები შეარჩიოთ, რომლის ძირითადი ინგრედიენტი მაღალი ხარისხის ცხოველური ცილაა. მიუხედავად იმისა, რომ ცხიმი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ცხიმის შემცველობა სათანადოდ აკონტროლოთ.

    მცირე ზომის კუჭის გამო, სასურველია ჩიხუახუა დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოკვებოთ. პორციების ზომის კონტროლი გადაჭარბებული კვებისა და სიმსუქნის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. სტომატოლოგიური პრობლემებისადმი მიდრეკილების გამო, ნუტრიციოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავებული რაციონი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ოთხფეხა მეგობრის პირის ღრუს ჰიგიენას.

    ჩიხუახუას კვებითი მოთხოვნილებების მონიტორინგისთვის და ასაკის, აქტივობის დონისა და ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემების შესაბამისად დიეტის კორექტირებისთვის, ნუტრიციოლოგთან  კონსულტაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ეს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ბედნიერი, ჯანმრთელი და ხანგრძლივი სიცოცხლის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ჩიხუახუა მომხიბლავი ისტორიის მქონე ჯიშია, რომლის წარმომავლობა მექსიკის უძველეს ტომებს უკავშირდება. არქეოლოგიურ აღმოჩენებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ჩიხუახუას მსგავსი პატარა ძაღლები მექსიკაში ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში ჰყავდათ. ტოლტეკების ცივილიზაციასთან ასოცირებული უძველესი არტეფაქტები ამტკიცებს, რომ ჩიხუახუებს ძველად საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ და კომპანიონ ადამიანებს არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც ახლდნენ თან.

    ტოლტეკების შთამომავალი აცტეკებიც განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ ამ პატარა კომპანიონ ცხოველებს. მისტიკურ ძალებთან ასოცირების გამო, გარდაცვალების შემდეგ ჩიხუახუებს ადამიანებთან ერთად კრძალავდნენ. ძველად სჯეროდათ, რომ ეს უნიკალური კომპანიონი ცხოველი თავის ადამიანს ახალი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე გაუძღვებოდა.

    მე-16 საუკუნეში, მექსიკის კოლონიზაციის პერიოდში, ჩიხუახუას წინაპარი ძაღლები პატარა ევროპულ სათამაშო ჯიშებთან შეაწყვილეს და შედეგად გამორჩეული თვისებების მქონე, პატარა, ენერგიული ძაღლი მიიღეს. ჩიხუახუამ საყოველთაო პოპულარობა მე-19 საუკუნის ბოლოს, მექსიკის შტატ ჩიუჰაუაში მოიპოვა. სწორედ აქ აღმოაჩინეს ამერიკელმა ტურისტებმა კომპანიონი ცხოველების ეს სახეობა და აღფრთოვანდნენ მისი უნიკალურობით.