ძაღლის ჯიშები

ფრანგული ბულდოგი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ფრანგული ბულდოგი

ფრანგული ბულდოგი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პატარა ძაღლის ჯიშია. მას კომპაქტური ზომისა და მოსიყვარულე ბუნების გამო ანიჭებენ უპირატესობას. მცირე ზომა და ვარჯიშის დაბალი ინტენსივობა მას ურბანული გარემოსთვის იდეალურ კომპანიონად აქცევს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები სულაც არ ყეფენ ბევრს, თუმცა, სიფხიზლის გამო შესანიშნავი მცველები არიან. 

ფრანგული ბულდოგები მხიარული, მაგრამ მშვიდი ტემპერამენტით გამოირჩევიან, რაც სრულყოფილ ბალანსს უზრუნველყოფს როგორც აქტიური, აგრეთვე, პასიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. ფრანგული ბულდოგი მართლაც შესანიშნავი კომპანიონი ცხოველია, განსაკუთრებით გამოუცდელი მფლობელებისთვის. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ბევრ ვარჯიშს არ საჭიროებენ და მხოლოდ თქვენს გვერდით ძილითაც კმაყოფილდებიან. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს მათი საყვარელი საქმიანობაა. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მოსიყვარულე ბუნება 
  • სიმშვიდე
  • კომუნიკაბელურობა
  • ადაპტირებადი ხასიათი
  • სიფხიზლე
  • სიჯიუტე
  • გონიერება
  • ერთგულება
  • მხიარულება
  • სითბოსენსიტიურობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი და ფრანგული ბულდოგები სიმაღლეში 28-33 სანტიმეტრს აღწევენ. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 46-55 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ფრანგული ბულდოგის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი ფრანგული ბულდოგი 9.1 კილოგრამიდან 12.7 კილოგრამამდე იწონის. მდედრი ფრანგული ბულდოგის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 7.3-10.9 კილოგრამს არ აღემატება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ფრანგული ბულდოგის სიცოცხლის ხანგრძლივობა 11-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 60-72 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    ფრანგული ბულდოგისთვის დამახასიათებელი მოკლე, პრიალა ბეწვის საფარი მინიმალურ მოვლას საჭიროებს. ცვენისადმი ნაკლები მიდრეკილების გამო, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვის დავარცხნა კვირაში ერთხელაც საკმარისია. ეს პროცედურა თმის ჩამოცვენილი ღერების მოცილებაში და კანისთვის სასარგებლო ბუნებრივი ზეთების მთელს სხეულზე გადანაწილებაში დაგეხმარებათ.

  • ჯიშის ხასიათი

    ფრანგული ბულდოგი მოსიყვარულე, ოჯახზე ორიენტირებული ძაღლია, რომელიც სიამოვნებით ატარებს დროს კომპანიონ ადამიანებთან ერთად. 

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები არც თუ ისე იშვიათად ავლენენ სიჯიუტეს, ამიტომ მათ გასაწვრთნელად გარკვეული ძალისხმევაა საჭირო. მოთმინებასა და ჯილდოზე დაფუძნებული ვარჯიშით, ისინი იოლად შეძლებენ ისწავლონ ისეთი ძირითადი ბრძანებები, როგორიც დაჯდომა, ადგომა და შესაბამისი ნიშნის მიცემის შემდეგ თქვენთან მოსვლაა. 

    ფრანგული ბულდოგები სიფხიზლითაც არიან ცნობილი  და მცირე ზომის მიუხედავად, შესანიშნავ მცველებად ყალიბდებიან. ისინი ზომიერი ვარჯიშით კმაყოფილდებიან და შედარებით დაბალი აქტივობის გამო, პატარა ბინაში ცხოვრებასაც იოლად ეგუებიან. 

    ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების უმრავლესობა  ბედნიერად თანაცხოვრობს სხვა შინაურ ცხოველებთან ერთად. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მათზე პატარა ზომის კომპანიონი ცხოველების დევნისკენ არის მიდრეკილი. სოციალიზაციის გარეშე, ფრანგულმა ბულდოგმა შესაძლოა აგრესიაც კი გამოავლინოს იმავე სქესის ძაღლების მიმართ. ოჯახში სხვა კომპანიონი ცხოველების არსებობის შემთხვევაში, მან შესაძლოა იეჭვიანოს კიდეც. 

    უცხო გარემოში სათანადო ინტერაქციისთვის, ფრანგული ბულდოგის სოციალიზაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    მემკვიდრეობითი კატარაქტა

    კატარაქტა კომპანიონი ცხოველის მხედველობის თანდათანობით გაუარესებას იწვევს. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა,  მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს. 

    თანდაყოლილ კატარაქტას, როგორც წესი, დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ თანდაყოლილი დაავადებების მართვა ხშირად ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა, C და E ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას. 

    როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.

    დეგენერაციული მიელოპათია 

    მიელოპათიის სახელით ცნობილი დაავადება ჩვენი ერთგული კომპანიონების ზურგის ტვინს აზიანებს. ამ მემკვიდრული დაავადების სიმპტომები გადაადგილებასა და წონასწორობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი ტვინის უჯრედების დაზიანებას იწვევს. 

    მიუხედავად იმისა, რომ მიელოპათია განუკურნებელია, კომპანიონი ცხოველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების არაერთი გზა არსებობს. ასეთ დროს ვეტერინართან კონსულტაცია საუკეთესო გამოსავალია. 

    ჰიპერურიკოზურია

    ადამიანების მსგავსად, კომპანიონი ცხოველების თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტშიც წარმოიქმნება კენჭები. ეს მოვლენა იმდენად გავრცელებულია, რომ ვეტერინარებს მათი არსებობა აღარც კი უკვირთ. თუმცა, მყარი წარმონაქმნები მხოლოდ თირკმელებში, შარდის ბუშტსა და ნაღვლის ბუშტში არ ჩნდება. 

    ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი მიზეზების გამო, შესაძლოა კენჭები სხეულის სხვა ნაწილებშიც წარმოიქმნას. ამ პროცესის ეფექტურად სამართავად და შესაბამისი სამედიცინო ჩარევის დროულად განსახორციელებლად, ვეტერინართან რეგულარულ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება. 

    მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.

    სუნთქვის პრობლემები

    ფრანგული ბულდოგი ბრაქიცეფალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას მოკლე ცხვირი და შევიწროებული ნესტოები აქვს. ამის გამო, სხეულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნთქვასთან დაკავშირებული საკითხი სულ უფრო საყურადღებო ხდება. ეს პრობლემა წონის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად უარესდება. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი საკვების მიღებას და წონის მონიტორინგს პრობლემის პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    ფრანგული ბულდოგის კომპეტენტურმა მშობლებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ ჩვენთვის ძვირფასი ეს კომპანიონი ცხოველები სითბური დარტყმებისადმი არიან მიდრეკილი. ამიტომ, დახურულ სივრცეში (ბინაში ან მანქანაში) მათი დიდხანს დატოვება განსაკუთრებით სახიფათოა. 

    ასეთ გარემოში, ფრანგულ და ინგლისურ ბულდოგებს სუნთქვა უძნელდებათ და კრუნჩხვითი შეტევები უვითარდებათ. მზის გულზე ან ყინვაში სეირნობისას, აგრეთვე, იოლად შეამჩნევთ, როგორ იწყებენ თქვენი კომპანიონი ცხოველები ხვრინვას. ეს მათ ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვების გამო ხდება.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ფრანგულ ბულდოგებს მაღალი ხარისხის ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი, დაბალანსებული საკვები ესაჭიროებათ. 

    ფრანგული ბულდოგისთვის საკვების შერჩევისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მათ შორის, ასაკი, ცხოვრების წესი, აქტივობის დონე, ფიზიოლოგიური მდგომარეობა და ჯანმრთელობა. საკვები ძაღლის სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ენერგიას უზრუნველყოფს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის სასიცოცხლოდ აუცილებელ ყველა ელემენტს მოიცავდეს.

    თუ კომპანიონი ცხოველისთვის თქვენი კერძების გაზიარებას გადაწყვეტთ, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან და დარწმუნდით, რომ ამ საკვების ოთხფეხა მეგობრებისთვის მიღება უსაფრთხოა. განსაკუთრებით მოხარშულ ძვლებსა და ცხიმიან საკვებს უფრთხილდით. 

    აქტივობის დაბალი დონისა და ჭამისადმი გამოვლენილი განსაკუთრებული სიყვარულის გამო ფრანგული ბულდოგები ჭარბი წონის მატებისკენ არიან მიდრეკილი. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სათანადო ყურადღება მივაქციოთ რა რაოდენობით იღებს ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი ცხიმის შემცველ საკვებს. დაბალანსებული დიეტა და რეგულარული ვარჯიში ფრანგულ ბულდოგების სიმსუქნის პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ხშირად კვებითი ალერგიისადმი მიდრეკილებითაც ხასიათდებიან. ალერგიის სიმპტომები შესაძლოა კანის ქავილს, ყურის ინფექციასა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს მოიცავდეს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ფრანგულ ბულდოგსაც აქვს კვებითი ალერგია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ნუტრიციოლოგს კონსულტაციისთვის.

    კვების რეგულარული გრაფიკის დადგენა საჭმლის მომნელებელი სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. როგორც წესი, ზრდასრული ძაღლებისთვის ორჯერადი კვებაა მიზანშეწონილი, თუმცა, ვინაიდან, ლეკვების  მოთხოვნები ენერგიის, ცილების, მინერალებისა და ვიტამინების თვალსაზრისით ბევრად აღემატება ზრდასრული ძაღლის საჭიროებებს, მათი საკვების დღიური დოზის გაყოფა სამ კვებაზეა რეკომენდირებული.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ფრანგული ბულდოგი ბრიტანული ბულდოგის მინიატურული ვერსიიდან წარმოიშვა და განსაკუთრებული პოპულარობა ცენტრალური ინგლისის რეგიონში, ნოტინჰემში, მოიპოვა. ფრანგულ ბულდოგს ყველაზე მეტად მაქმანის დამზადების ინდუსტრიაში, მღრღნელების დევნის უნარის გამო, აფასებდნენ. ინდუსტრიული რევოლუციის დროს, მუშები ინგლისიდან საფრანგეთში უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად გაემგზავრნენ და ოთხფეხა მეგობრებიც თან წაიყვანეს. 

    ჯიშმა უმალვე დაიმსახურა ფრანგული საზოგადოების სიყვარული. ბულდოგი განსაკუთრებით პოპულარული პარიზში გახდა. ფრანგები ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს Bouledogues Français-ად მოიხსენიებდნენ და ელიტური საზოგადოების მოდურ თანამგზავრებად მიიჩნევდნენ. საფრანგეთში, სელექციონერებმა კიდევ უფრო მეტად დახვეწეს ბულდოგის მახასიათებლები და განსაკუთრებული აქცენტი ჯიშისთვის დამახასიათებელ “ღამურის ყურებზე” გააკეთეს. 

    მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზუალური მახასიათებელი ჯიშის სიმბოლოდ იქცა, იყო დრო, როდესაც “ფრანგებს” ინგლისური ბულდოგის მსგავსი ყურები ჰქონდათ. თუმცა, ბულდოგის ამერიკელ და ფრანგ თაყვანისმცემლებს შორის ჯიშის სტანდარტთან დაკავშირებული მწვავე დებატების შემდეგ, გადაწყდა, რომ ფრანგებისთვის სასურველი სტანდარტი “ღამურასებრი ყურები” იყო.

    მოგვიანებით, ფრანგებმა ბულდოგის პიროვნების დახვეწაზეც იზრუნეს და ნაზი ტემპერამენტის მისაღებად ჯიში სხვა ადგილობრივ ჯიშებთან, ტერიერებთან და ფაგებთან შეაწყვილეს. 

    მე-19 საუკუნის ბოლოს, ფრანგული ბულდოგი მაღალი საზოგადოების ჯიშად ითვლებოდა. ისეთი ცნობილი ფრანგი მხატვრებიც კი, როგორიც ედგარ დეგა და ტულუზ-ლოტრეკი არიან, ხშირად ასახავდნენ ფრანგულ ბულდოგებს თავიანთ ნახატებში.