კატის ჯიშები

მეინ კუნი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარები

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

მეინ კუნი

თუ მეინ კუნს ჯერ არ შეხვედრილხართ წინ დიდი აღმოჩენებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე საინტერესო თავგადასავალი გელით. კომპანიონი ცხოველებისთვის უჩვეულო ზომისა და მშვიდი ტემპერამენტის კონტრასტი მეინ კუნს ცხოვრების არაჩვეულებრივ თანამგზავრად აქცევს. მოსიყვარულე ბუნების მქონე ეს “ნაზი გიგანტები” ბავშვებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან ერთადაც ჰარმონიულად თანაცხოვრებენ. გასაოცარი ინტელექტი და მხიარულება ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას სძენს. მეინ კუნის სახელით ცნობილი ეს უნიკალური არსებები პირნათლად ასრულებენ კომპანიონი ადამიანების გაბედნიერების მისიას და ისეთი “ბრძანებების” შესრულების უნარს ავლენენ, აქამდე აზრადაც რომ არ გაივლებდით (ვინ იფიქრებდა, რომ კატას თქვენი ფეხსაცმლის ან საყვარელი წიგნის თხოვნისთანავე მოტანა შეეძლო?!). 

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • ნაზი ბუნება
  • კომუნიკაბელურობა 
  • გონიერება 
  • ინტერაქტიული აქტივობების სიყვარული 
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მრავალფეროვან საცხოვრებელ გარემოსთან ადაპტირება
  • ცნობისმოყვარეობა
  • მოსიყვარულე ბუნება
  • ბავშვებისადმი კეთილგანწყობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მეინ კუნის სიმაღლე 25-40 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 48-81 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს

    წონა

    ზრდასრული მეინ კუნი 4.5 კილოგრამიდან 11.3 კილოგრამამდე იწონის. მეინ კუნის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    მეინ კუნის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-დან 15 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    მეინ კუნი გამოირჩევა საშუალო სიგრძის მქონე მდიდრული ბეწვით, რომელიც რბილი, აბრეშუმისებრი და წყალგამძლეა. მას თბოიზოლაციის შესანიშნავი უნარი აქვს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეინ კუნის ბეწვის ფერის 75 განსხვავებული კომბინაცია არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული წითელი, შავი, თეთრი, ვერცხლისფერი და ყავისფერია. 

    მეინ კუნის გრუმინგის საჭიროება მისი აქტივობის დონეზე, ბეწვის სიგრძესა და სიმკვრივეზეა დამოკიდებული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის ბეწვი კვირაში ორჯერ დავარცხნოთ. მეინ კუნს წყლის არ ეშინია ამიტომ მისი დაბანა პრობლემას არ წარმოადგენს. ბეწვის სისუფთავისა და სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად, კატებისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნი გამოიყენეთ.

  • ჯიშის ხასიათი

    შთამბეჭდავი ზომით, თაღოვანი ყურებით და მდიდრული ქურთუკით ცნობილი მეინ კუნი მომხიბვლელი პიროვნებითაც გამოირჩევა. მშვიდი და მეგობრული ტემპერამენტის გამო, მეინ კუნს ხშირად “ნაზი გიგანტის” სახელითაც მოიხსენიებენ. ამგვარი რეპუტაციის გამო ამ კომპანიონ ცხოველს უპირატესობას ის ადამიანები ანიჭებენ, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ან სხვა კომპანიონი ცხოველები ჰყავთ სახლში.

    კომუნიკაბელური ბუნებისა და მკვეთრად გამოხატული ვოკალიზაციის წყალობით მეინ კუნები განსაკუთრებით უახლოვდებიან ოჯახის წევრებს და მათდამი არნახულ ლოიალურობას ავლენენ. მეიმ კუნი მხოლოდ მეგობრული ხასიათით არ გამოირჩევა, ის საოცრად გონიერი და ცნობისმოყვარეა. მათი მხიარული ქცევა მოწყენისთვის დროს არ დაგიტოვებთ. ინტერაქტიულ თამაშებში ჩართვა და ახალ-ახალი უნარების დასწავლა ამ კომპანიონ ცხოველთან ერთად ცხოვრებას საინტერესო თავგადასავლად აქცევს.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია 

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელიც გულის კუნთების გასქელებას იწვევს. ჰიპერტროფიულმა კარდიომიოპათიამ შესაძლოა გულის უკმარისობა და სისხლის შედედება გამოიწვიოს, ამიტომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

    გულის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, დაბალანსებული საკვების მიღება და რეგულარული ვარჯიში იქნება საჭირო. სიმპტომების მართვისა და გულის ფუნქციის გასაუმჯობესებლად შესაძლოა ვეტერინარმა თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს ბეტა-ბლოკატორები ან ინჰიბიტორები დაუნიშნოს. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, სასურველი შედეგის მისაღებად, ვეტერინარის ზედამხედველობას და პროცესის რეგულარულ მონიტორინგს არსებითი მნიშვნელობა აქვს.

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მეინ კუნის მსგავსი დიდი ზომის ჯიშებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის პრობლემაა. სახსრის დეფორმაციით გამოწვეული ბარძაყის დისპლაზია ართრიტში და გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებში ვლინდება, რაც, დაგვეთანხმებით, კომპანიონი ცხოველებისთვის განსაკუთრებულ დისკომფორტთან ასოცირდება. 

    ჯანსაღი წონის შენარჩუნება, რეგულარული ვარჯიში და სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი რაციონი მნიშვნელოვნად შეამცირებს ბარძაყის დისპლაზიის რისკს. კომპეტენტური ზრუნვის პრაქტიკა და მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის სკრინინგი პრობლემის ადრეული გამოვლენისა და მისი სათანადო მკურნალობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

    ზურგის კუნთოვანი ატროფია 

    ზურგის კუნთოვანი ატროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ზურგის ტვინს აზიანებს და უკანა კიდურებში კუნთების ფუნქციის დაკარგვას იწვევს. სამწუხაროდ, ზურგის კუნთოვანი ატროფია არ იკურნება და მკურნალობის პროცესი მხოლოდ კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. 

    კუნთების ტონუსისა და გადაადგილების უნარის შესანარჩუნებლად შესაძლოა ვეტერინარმა რეკომენდაცია ფიზიკურ თერაპიას და სპიციალიზირებულ ვარჯიშებს გაუწიოს. დამხმარე მოწყობილობები თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარება და მას უფრო აქტიურს გახდის. რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები დაავადების პროგრესირების მონიტორინგისა და საჭიროებისამებრ მენეჯმენტის გეგმის კორექტირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ამ გენეტიკური დაავადების თავიდან ასაცილებლად პასუხისმგებლიანი სელექციონერები შეწყვილებამდე ატარებენ გენეტიკურ ტესტირებას და ზურგის კუნთოვანი ატროფიის გამომწვევი გენის გამოვლენის შემთხვევაში კატას შეწყვილებისთვის შეუსაბამოდ აცხადებენ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    მეინ კუნს ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები ესაჭიროება. ზომიდან გამომდინარე, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის რაციონის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ცხიმია. კომპანიონ ცხოველებს ცხიმები ენერგიის დონის შენარჩუნებაში და ცხიმში ხსნადი ისეთი ვიტამინების ათვისებაში ეხმარება, როგორიც A, D, E და K ვიტამინებია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჭარბი წონის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია რაციონი მხოლოდ ჯანსაღი ცხიმების საჭირო რაოდენობას მოიცავდეს. ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია დიეტური საჭიროებების თქვენი ოთხფეხა მეგობრის ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის შესაბამისად განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

    პროტეინი მეინ კუნის ჯანმრთელობისთვის საჭირო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. პროტეინი კუნთების განვითარებას და მათ შემდგომ სიმტკიცეს უწყობს ხელს. ბოჭკოვან საკვებს რაც შეეხება, თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრისთვის კიტრის, ორთქლზე მოხარშული ბროკოლის, სტაფილოს, სატაცურისა და ბარდის შეთავაზება შეგიძლიათ. ამ ჯანსაღი ბოჭკოვანი საკვების ზომიერი მიღება თქვენს კომპანიონ ცხოველს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოწესრიგებასა და შებერილობის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

    მეინ კუნის ჯანმრთელობას მისი იმუნური სისტემის სიმტკიცე განაპირობებს. ნუტრიციოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, C ვიტამინთან ერთად A ვიტამინის მიღებაც გონივრული გადაწყვეტილება იქნება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

    მეინ კუნი სხვა კატების მსგავსად სიამოვნებით მიირთმევს მოხარშულ თევზს, ქათამს, ინდაურსა და ძროხის ხორცს. თუმცა, ამ საკვების მიწოდებისას, უნდა დარწმუნდეთ, რომ უცხიმო ხორცი კარგად არის დამუშავებული თერმულად და ძვლებისგან სრულიად თავისუფალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრილმა ძვალმა ან ფხამ შესაძლოა თქვენი კომპანიონი ცხოველის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას.  

    მეინ კუნის საჭმლის მომნელებელი სისტემის გაღიზიანებას იმ საკვების თავიდან არიდებით შეძლებთ, რომელთა კომპანიონი ცხოველებისთვის შეთავაზებაც არ არის რეკომენდირებული. ამ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს ბეკონი, შოკოლადი, ყურძენი, ქიშმიში, უმი კვერცხი, ალკოჰოლი და კოფეინი მიეკუთვნება. თუ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის კვებასთან დაკავშირებული პერსონალური რჩევების მიღება და დაბალანსებული საკვები რაციონის შედგენა გსურთ, გირჩევთ კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    მეინ კუნი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი შინაური კატის ჯიშია. მეინ კუნის უნიკალური ყურებისა და კუდის გამო, გაჩნდა ლეგენდა, რომლის თანახმად, კომპანიონი ცხოველების ეს სახეობა შინაური კატისა და ენოტის შეწყვილების შედეგად წარმოიშვა. თუმცა, გენეტიკური შეუთავსებლობა ამ შესაძლებლობას უარყოფს. უფრო სარწმუნო თეორიის თანახმად, მეზღვაურებმა, ვაჭრებმა ან ვიკინგებმა ჩაიყვანეს გრძელბეწვიანი კატები ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ისინი ადგილობრივ მოკლებეწვიან კატებთან შეწყვილდნენ და შედეგად მეინ კუნის სახელით ცნობილი საუცხოო სახეობა შეიქმნა. 

    თავად მეინ კუნის სახელი მის გეოგრაფიულ წარმოშობასთან კავშირზე მიუთითებს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ ჯიშის სახელწოდება მეინის შტატიდან მომდინარეობს, სადაც ის სავარაუდოდ მე-19 საუკუნეში განვითარდა. თუმცა, სხვა თეორია ამტკიცებს, რომ სახელწოდება ფრანგული სიტყვიდან “chattes coon” იღებს სათავეს და ენოტის მსგავს კატას აღნიშნავს.

    მეინ კუნმა სწრაფად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. კომპანიონი ადამიანებისადმი გამოვლენილმა კეთილგანწყობამ, გონიერებამ და მრავალფეროვან საცხვრებელ გარემოსთან ადაპტირების უნარმა ეს კომპანიონი ცხოველები ოჯახებისთვის და ფერმერებისთვის საყვარელ ოთხფეხა მეგობრებად აქცია. ჯიშისთვის დამახასიათებელმა გამორჩეულმა ვიზუალურმა მახასიათებლებმა და მეგობრულმა ტემპერამენტმა სახეობის გლობალურ გავრცელებასაც შეუწყო ხელი. იქნება ეს ევროპა, აზია, ავსტრალია თუ შეერთებული შტატები, დღეს მეინ კუნს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეხვდებით.