კატის ჯიშები

ნორვეგიული ტყის კატა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

ნორვეგიული ტყის კატა

ნორვეგიული ტყის კატა რბილი ხასიათის მქონე, გონიერი ჯიშია, რომელიც სიამოვნებით ხდება ოჯახური ცხოვრების ნაწილი და ახალი მეგობრების შეძენაზეც არასდროს ამბობს უარს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრებისთვის დამახასიათებელი ძლიერი იმუნიტეტი და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა მრავალწლიანი თანაცხოვრებისა და ურყევი მეგობრობის წინაპირობაა.

დიდი ზომის მიუხედავად, ნორვეგიული ტყის კატები სრულწლოვანებამდე ინარჩუნებენ მხიარულ და ცნობისმოყვარე ბუნებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს სრული სიმწიფის ასაკამდე მისაღწევად, დაახლოებით, ხუთი წელი ესაჭიროებათ.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მშვიდი და მოსიყვარულე ხასიათი
  • ცნობისმოყვარეობა
  • თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა
  • ადაპტირებადი ბუნება
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    ნორვეგიული ტყის კატის სიმაღლე 23-30 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 30-46 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული ნორვეგიული ტყის კატა 5.9 კილოგრამიდან 9.1 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ნორვეგიული ტყის კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა 14-დან 16 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და კომპანიონი ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობა მათი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    ნორვეგიული ტყის კატებისთვის დამახასიათებელი გრძელი და მკვრივი ბეწვი ჯიშის წარმომადგენლებს მკაცრი სკანდინავიური ზამთრისგან იცავს. ბეწვის სიგრძე და მოცულობა სეზონის მიხედვით იცვლება და ზაფხულთან შედარებით, ზამთარში უფრო გრძელი და სქელია. ბეწვის სიგრძის მიუხედავად, გრუმინგის თვალსაზრისით, ნორვეგიული ტყის კატები საკმაოდ უპრეტენზიო კომპანიონები არიან და, როგორც წესი, მხოლოდ ყოველკვირეულ ვარცხნას საჭიროებენ.

  • ჯიშის ხასიათი

    ნაზი და მეგობრული ტემპერამენტის მქონე ნორვეგიული ტყის კატა დიდებული გარეგნობის, ინტელექტისა და კეთილგანწყობის შესანიშნავი მაგალითია. მკაცრი სკანდინავიური კლიმატისა და  ვიკინგების ცხოვრების წესის მიუხედავად, ამ ჯიშის წარმომადგენლები საოცრად მოსიყვარულე და კომუნიკაბელური კომპანიონები არიან. ისინი ძლიერ კავშირს აყალიბებენ ადამიანებთან და ოჯახური ურთიერთობის მიმართაც პოზიტიურად არიან განწყობილი.

    გონიერი და ცნობისმოყვარე ნორვეგიული ტყის კატები სიამოვნებით იკვლევენ გარშემომყოფებს. ამ პროცესში, სტაბილურად ინარჩუნებენ ღირსეულ სიმშვიდეს და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მოვლენებზე დაკვირვებით შემოიფარგლებიან.

    ნაზი ტემპერამენტით ცნობილი ეს ოთხფეხა მეგობრები ბავშვებისა და სხვა შინაური ცხოველების მიმართაც ხშირად ავლენენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას და ამით კიდევ უფრო მეტად ამყარებს მათთვის მინიჭებული შესანიშნავი კომპანიონების რეპუტაციას.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია გულის დაავადებაა, რომელსაც პარკუჭების კედლების გასქელება ახასიათებს. ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით დაავადებულ კომპანიონ ცხოველებს გულმკერდის არეში ტკივილი, ქოშინი და არითმია აღენიშნებათ. დაავადების სამკურნალოდ ხშირად გულის შეკუმშვის ძალის შესამცირებელ მედიკამენტებს იყენებენ. თანდაყოლილი ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის მსგავსად, დაავადების მოგვიანებით გამოვლენილი შემთხვევების უმეტესი ნაწილიც გენეტიკური დეფექტით არის გამოწვეული.

    ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია შესაძლოა ახალშობილობის ან ზრდასრულობის პერიოდში გამოვლინდეს. დაავადების ეფექტურად მართვას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციის, სათანადო ვარჯიშისა და ჭარბწონიანობის თავიდან აცილებით შეძლებთ.

    პირუვატ კინაზას დეფიციტი

    პირუვატ კინაზას სახელით ცნობილი ფერმენტი კომპანიონი ცხოველების სხეულს სისხლის წითელი უჯრედების წარმოებაში ეხმარება. პირუვატ კინაზას ნაკლებობა ჰემოლიზურ ანემიაში ვლინდება და კანის სიყვითლესთან ერთად, დაღლილობასაც იწვევს. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ფერმენტის ოდენობის დაზუსტებას ვეტერინართან დროული ვიზიტისა და  დიაგნოსტიკური ტესტების დახმარებით შეძლებთ.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    ნორვეგიული ტყის კატების კვების მონიტორინგი საუკეთესო გზაა წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის დიაბეტის, გულის დაავადებებისა და ბარძაყის დისპლაზიის, თავიდან ასაცილებლად.

    ნორვეგიული ტყის კატა დღეში ორჯერ გამოკვებეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაუტოვოთ თასში საკვები მთელი დღის განმავლობაში. თავისუფლად კვების შემთხვევაში, კომპანიონი ცხოველები საჭიროზე მეტს მიირთმევენ, რასაც ჭარბი წონის მატება შეიძლება მოყვეს. თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული რჩევების მისაღებად ნუტრიციოლოგს მიმართეთ.

    ოთხფეხა მეგობრებისთვის საკვებისა და წყლის მისაწოდებლად უჟანგავი ფოლადის ან კერამიკული თასები გამოიყენეთ. სათანადო რაოდენობით წყლის მიღება საშარდე გზების პრობლემების რისკს შეამცირებს და თირკმელების ოპტიმალურ ფუნქციას შეუწყობს ხელს. როგორც კომპეტენტურ მშობელს გახსოვდეთ, რომ კატების ცხვირი ძალიან მგრძნობიარეა დ შესაძლოა საკვების სუნმა მათ მიერ წყლის მიღების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხოს. სწორედ ამიტომ, წყლის თასი ნებისმიერი საკვებისგან, დაახლოებით, 90 სანტიმეტრის მოშორებით განათავსეთ.

    ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებიდან მიღებული პროტეინი თქვენი ნორვეგიული ტყის კატის კუნთოვანი მასის საუკეთესო ფორმაში შესანარჩუნებლად  და მათი აქტიური ცხოვრების წესის მხარდასაჭერად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    ნორვეგიული ტყის კატის  დიეტური საჭიროებების განსაზღვრისას მათი ასაკისა და აქტივობის დონის გათვალისწინებაც გვმართებს. ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად, კნუტებს საკვები ნივთიერებებით მდიდარი დიეტა ესაჭიროებათ, ხანდაზმული კატების შემთხვევაში კი სასურველია უპირატესობა სპეციალურად სახსრების ჯანმრთელობისა და კოგნიტური ფუნქციის გასაუმჯობესებლად შექმნილ საკვებს მიანიჭოთ.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ნორვეგიული ტყის კატა საუკუნეების წინ წარმოიშვა ნორვეგიის ტყეებში და დროთა განმავლობაში სკანდინავიის მკაცრ კლიმატთანაც ეფექტურად ადაპტირდა. ვიკინგები ამ კომპანიონ ცხოველებს არა მხოლოდ როგორც მავნე ცხოველებზე დახელოვნებულ მონადირეებს, არამედ, როგორც გემის ერთგულ კომპანიონებსაც სცემდნენ პატივს.

    სკანდინავიური მითოლოგია და ლეგენდები ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ხშირად ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე მისტიკურ არსებებად წარმოაჩენდნენ და ამით კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობასა და მნიშვნელობას მატებდნენ მათ პიროვნებას. ნორვეგიული ტყის კატები სკანდინავიური ქალღმერთის, ფრეიას, შესახებ შექმნილ ნორვეგიულ ზღაპარშიც მთავარ როლს ასრულებენ.

    1938 წელს ნორვეგიის მეფე ოლავ V-მ ნორვეგიის ტყის კატა ეროვნულ ჯიშად აღიარა. თუმცა, სხვა შინაურ ჯიშებთან შეწყვილების გამო, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მე-20 საუკუნეში გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. საბედნიეროდ, ჯიშის უნიკალური მახასიათებლებით გატაცებული ენთუზიასტებისა და სელექციონერების ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ნორვეგიამ ჯიშის სიწმინდის შენარჩუნება შეძლო.