Dog Breeds

პუდელი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

Dog Breeds

პუდელი

პუდელი გაწონასწორებული ბუნების მქონე კომპანიონი ცხოველია, რომელიც გამორჩეული ინტელექტითა და ელეგანტურობით იქცევს ძაღლების მოყვარულთა ყურადღებას. გასაოცარი გარეგნობა და მოხდენილი მოძრაობები ამ ჯიშის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს. ჰიპოალერგიული ბეწვი პუდელს ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვისაც შესაფერის კომპანიონად აქცევს.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მაღალი ინტელექტი
  • ელეგანტურობა
  • სიფხიზლე
  • მხიარული და ენერგიული ბუნება
  • პატრონებისადმი ერთგულება
  • კომუნიკაბელურობა
  • ტრენინგუნარიანობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    მდედრი და მამრი პუდელის სიმაღლე 46-61 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, ამ ჯიშის წარმომადგენელთა სხეულის სიგრძე, ჩვეულებრივ,  62-81 სანტიმეტრს არ აღემატება.

    წონა

    პუდელის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ზრდასრული მამრი პუდელი 20.4 კილოგრამიდან 31.8 კილოგრამამდე იწონის. მდედრი პუდელის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა და 20.4-27.2 კილოგრამს შეადგენს.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    პუდელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 66-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    ბეწვის საფარი

    პუდელის ჰიპოალერგიული ბეწვი მკვრივი და ხვეულია. მას შავ, თეთრ, ყავისფერ, ოქროსფერ და ვერცხლისფერ ტონალობებში შეხვდებით. სისუფთავის შესანარჩუნებლად, პუდელის ბეწვი რეგულარულ მოვლას საჭიროებს.

  • ჯიშის ხასიათი

    მახვილგონივრული ინტელექტით ცნობილ პუდელებს ბრძანებების გაგებისა და მათზე რეაგირების შესანიშნავი უნარი აქვთ. სამეფო გარეგნობის მიუხედავად, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ერთგულებითა და მოსიყვარულე ბუნებით გამოირჩევიან.

    პუდელები ძლიერ ემოციურ კავშირს ქმნიან  მფლობელებთან და ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულსაც ხშირად ავლენენ. მეგობრული და კომუნიკაბელური ხასიათი მათ შესანიშნავ კომპანიონებად აქცევს. სათანადო სოციალიზაციის შემთხვევაში, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთანაც ჰარმონიულად თანაცხოვრებენ.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჯანსაღი წონის შენარჩუნება სახსრებზე დატვირთვის შემცირებაში დაგეხმარებათ. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა კი მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

    შებერილობა

    შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარი პრობლემაა, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. აღნიშნული პრობლემის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციოთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი ან ჭარბი ნერწყვდენაა. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, სასურველია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს.

    შებერილობის თავიდან ასაცილებლად, თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ ორ კვებაზე გაანაწილეთ. საჭმლის სწრაფად ყლაპვით გამოწვეული შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპეტენტური მშობლები ხშირად უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს ანიჭებენ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.

    ადისონის დაავადება

    ადისონის დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები საკმარისი რაოდენობით კორტიზოლს ვერ გამოიმუშავებენ. გარკვეულ შემთხვევებში, ადისონის დაავადება შეუმჩნევლად პროგრესირებს, თუმცა მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად მადის დაქვეითებაში, აგზნებადობასა და სხეულის თმის ცვენაში გამოიხატება.

    დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომების მართვისა და ცხოვრების ხარისხის შესანარჩუნებლად, ვეტერინარები ხშირად ჰორმონალურ თერაპიას მიმართავენ.

    ბადურის ატროფია

    ბადურის ატროფია თვალის დეგენერაციული დაავადებაა. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს პატარა მეგობარს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს.

    გახსოვდეთ, ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ვიტამინებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    მემკვიდრეობითი კატარაქტა

    კატარაქტა თვალის დაავადებაა, რომელიც კომპანიონი ცხოველის თვალის ლინზის დაბინდვას იწვევს. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა,  მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს, რაც მხედველობის მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს.

    თანდაყოლილ კატარაქტას, როგორც წესი, დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თანდაყოლილი დაავადებების კონტროლი ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა, C და E ვიტამინებით მდიდარმა რაციონმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის თვალის ჯანმრთელობას.

    როგორც კომპეტენტურ მშობელს გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.

    თვალის სიმშრალე

    თვალის სიმშრალე გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ცრემლსადენი ჯირკვალი საკმარისი ოდენობით ცრემლს ვერ წარმოქმნის. თვალის სიმშრალე დისკომფორტს, ანთებასა და რქოვანას დაზიანებას იწვევს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ვეტერინარები ხშირად ხელოვნური ცრემლის გამოყენებას გვირჩევენ. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ცრემლის დრენაჟის გასაუმჯობესებლად, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    პუდელის ზომის, ასაკის, აქტივობის დონის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება მისი დიეტური მოთხოვნების დაკმაყოფილებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სტანდარტულ, მინიატურულ და სათამაშო ზომის პუდელებს განსხვავებული ენერგეტიკული მოთხოვნილებები აქვთ. სწორედ ამიტომ, კვებასთან დაკავშირებული პერსონალიზებული რჩევების მისაღებად, სასურველია ნუტრიციოლოგს მიმართოთ.

    პუდელები ხშირად ჭარბი წონის მატებისკენ არიან მიდრეკილი. ამ პროცესის მართვაში დაბალანსებულ საკვებთან ერთად ფიზიკური აქტივობებიც დაგეხმარებათ. მცირე ულუფებით კვება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუჭის პრობლემებისადმი მიდრეკილებას და შებერილობით გამოწვეულ დისკომფორტსაც აარიდებს თავიდან.

    პორციის კონტროლი და კვების გრაფიკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი წონისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ეფექტური ფუნქციის შენარჩუნებაში. პუდელის სხეულის მდგომარეობის აქტიური მონიტორინგი და საკვების პორციების ამის შესაბამისად  განსაზღვრა სიმსუქნესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

    ჭარბწონიანობასთან ერთად პუდელები ალერგიისადმი მიდრეკილებითაც ხასიათდებიან. სწორედ ამიტომ, მათი კვებისას მიზანშეწონილია თავიდან იქნას აცილებული ის ინგრედიენტები, რომლებმაც შესაძლოა ალერგიული ფონი კიდევ უფრო მეტად გაამწვავოს.

    მაღალი ხარისხის ცხოველური წარმოშობის ცილა პუდელის კვებითი რაციონის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამის გათვალისწინებით, სასურველია უპირატესობა ისეთ საკვებს მიანიჭოთ, რომელიც ძირითადი ინგრედიენტის სახით ქათმის, საქონლის ან თევზის ხორცხს შეიცავს.

    ცხიმები პუდელის დიეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ჯანსაღი კანისთვის და მბზინავი ბეწვისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით ამდიდრებს კომპანიონი ცხოველის ორგანიზმს.  ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვანი მჟავებია.

    ორგანიზმის ენერგიითა და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა მარცვლეულის, ბოსტნეულისა და ხილისგან მიღებულ ნახშირწყლებსაც შეუძლიათ. თუმცა, ნაკლებად აქტიურ ან ხანდაზმულ პუდელებში ზედმეტი წონის თავიდან ასაცილებლად ნახშირწყლების მიღების მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

    არასოდეს გამოკვებოთ თქვენი კომპანიონი ცხოველი მოხარშული ძვლებით ან საკვების ნარჩენებით. ერთი შეხედვით უვნებელი საკვები შესაძლოა ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    გავრცელებული მოსაზრების თანახმად, პუდელის წარმომავლობა გერმანიას და წყლის ფრინველებზე ნადირობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უკავშირდება.

    თავად სახელწოდება “პუდელიც” გერმანული ენიდან მომდინარეობს და ამ ჯიშის წარმომადგენლების, როგორც  გამოცდილი წყლის რეტრივერების, თავდაპირველ დანიშნულებაზე მიუთითებს. პუდელის მკვრივი ბეწვის საფარი ცივი წყლისგან დაცვას უზრუნველყოფდა, თანდაყოლილი ცურვის უნარი კი მათ დახელოვნებულ მონადირეებად აქცევდა.

    საფრანგეთის  სამეფო ოჯახის წევრების განსაკუთრებული სიყვარული პუდელმა მე-18 საუკუნეში დაიმსახურა. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები დღეს არა მხოლოდ ელეგანტურობით, არამედ ინტელექტუალობითა და  ლოალურობითაც გამოირჩევიან.