ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზია სამედიცინო ტერმინია, რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.
კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ ბარძაყის დისპლაზიის დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყოველდღიური სეირნობა და ცურვა მენჯ-ბარძაყის გარშემო არსებული კუნთების ჩამოყალიბებას და მათი სიმტკიცის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
შებერილობა
შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარ პრობლემად აღიქმება, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. პრობლემის პრევენციისთვის, გონივრული იქნება ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციოთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი ან ჭარბი ნერწყვდენაა. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს.
შებერილობის თავიდან ასაცილებლად, სასურველია თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ 2-3 კვებაზე გაანაწილოთ. გირჩევთ, აგრეთვე, ყურადღება მიაქციოთ, რომ ჭამის შემდეგ თქვენმა მეგობარმა დიდი რაოდენობით წყალი არ მიიღოს. შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპეტენტური მშობლები ხშირად უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს ანიჭებენ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.
ოსტეოსარკომა
ოსტეოსარკომა ძვლის კიბოს აგრესიული ფორმაა. ამ დაავადების მაიდენტიფიცირებელი პირველი ნიშანი კოჭლობაა, ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელობან წევრს ყოველგარი წინაპირობის გარეშე, უეცრად დაეწყო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ ვერაგი დაავადების გამოსარიცხად დაუყოვნებლივ მიმართ ვეტერინარს.
ოსტეოსარკომას, როგორც წესი, კიდურის ამპუტაციით და ქიმიოთერაპიით მკურნალობენ. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენი ძვირფასი მეგობრები იოლად ეგუებიან სამ ფეხზე ცხოვრებას და ადამიანების მსგავსად არ განიცდიან ქიმიოთერაპიის ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიც გულისრევა და თმის ცვენაა.
კანისა და ყურის ინფექციები
კანის ინფექციებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასარიდებლად, სპეციალურად ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. აგრეთვე, შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია თქვენს ოთხფეხა მეგობარს ალერგიული სინჯი გაუკეთოთ და მაქსიმალური სიზუსტით დაადგინოთ, თუ რომელ პროდუქტებზე აქვს მას ალერგია. ეს შესაძლებლობას მოგცემთ ულუფიდან ამოიღოთ ყველა ის ინგრედიენტი, რომელმაც კვებითი ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს.