ასთმა
ასთმა ადამიანების მსგავსად კომპანიონ ცხოველებშიც ჰაერის უკმარისობას იწვევს. გარკვეულ შემთხვევებში ასთმისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მოულოდნელად, ფილტვებში არსებული სასუნთქი გზების შევიწროვებასთან ერთად ვითარდება. ასთმის შეტევების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, კვამლის, ძლიერი სუნისა და გარემოს დამაბინძურებლების ზემოქმედება მინიმუმამდე შეამციროთ.
რესპირატორული ჯანმრთელობის მონიტორინგისა და ასთმის სიმპტომების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად რეგულარულ ვეტერინარულ შემოწმებასთან ერთად ჰაერის სათანადო ხარისხის შენარჩუნებას და კარგად ვენტილირებადი სივრცის უზრუნველყოფას არსებითი მნიშვნელობა აქვს.
ბადურის პროგრესირებადი ატროფია
ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.
ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს პატარა მეგობარს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს.
ნაწლავის ადენოკარცინომა
ნაწლავის ადენოკარცინომა ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც ნაწლავის ლორწოვან გარსში ანომალიური უჯრედების წარმოქმნის შედეგად ვითარდება. ნაწლავის ადენოკარცინომით დაავადებული კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას დაავადება ხანდაზმულ ასაკში უვითარდება. რაც უფრო ემატება ასაკი ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს, მით უფრო დიდია დაავადების განვითარების ალბათობა.
ჩვენმა ოთხფეხა მეგობარმა ნაწლავის ადენოკარცინომა შესაძლოა მემკვიდრეობით მიიღოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სიამის კატა პასუხისმგებლიანი სელექციონერისგან შეიძინოთ და დარწმუნდეთ, რომ ის გენეტიკური დაავადებებისგან დაცულია.
ცხოვრების პასიური წესი და ცხიმიანი საკვების მიღება ნაწლავში სიმსივნური წარმონაქმნების გაჩენის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამიტომ, დაავადების პრეცენციისთვის დაბალანსებული დიეტის დაცვას, რეგულარულ ვარჯიშს და რუტინულ ვეტერინარულ გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მედიასტინალური ლიმფომა
მედიასტინალური ლიმფომა დაავადებაა, რომელიც ლიმფური სისტემის უჯრედების დაზიანებას იწვევს. დაავადების დროს ლიმფოციტები სიმსივნური უჯრედების მსგავსად იქცევიან, უკონტროლოდ მრავლდებიან და ლიმფურ კვანძებში გროვდებიან. ვინაიდან, ლიმფოციტები მთელს ორგანიზმში ცირკულირებენ, სიმსივნური წარმონაქმნები შესაძლოა ლიმფური კვანძის გარდა სხეულის სხვა ადგილებშიც წარმოიქმნას.
გენეტიკური ფაქტორების გარდა მედიასტინალური ლიმფომის გამოწვევა ბაქტერიულ და ვირუსულ ინფექციებსაც შეუძლია. ტემპერატურის მატება, წონის კლება, ჭარბი ოფლიანობა, დაღლილობა და სუნთქვის გაძნელება ის სიმპტომებია, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე ჩანიშნეთ ვიზიტი ვეტერინართან და დარწმუნდით, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ამილოიდოზი
ამილოიდოზი იშვიათი დაავადებაა, რომელიც ცილის სხვადასხვა ორგანოში დაგროვებას და მათი ფუნქციონირების დარღვევას იწვევს. ამილოიდოზი კომპანიონი ცხოველების გარკვეულ ნაწილში მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დაავადება მწვავე გვერდითი მოვლენების თანხლებით მიმდინარეობს.
ამილოიდოზის სიმპტომები იმაზეა დამოკიდებული თუ რომელი ორგანო აქვს დაზიანებული ჩვენს კომპანიონ ცხოველს, თუმცა, ჩვეულებისამებრ, დაავადებას დაღლილობა და წონაში კლება ახასიათებს. ამილოიდოზის პრევენცია დაბალანსებული დიეტის, რეგულარული ვარჯიშისა და რუტინული ვეტერინარული შემოწმების გზითაა შესაძლებელი.
პიკა
პიკა საკვებად უვარგისი ნივთიერებების ჭამას გულისხმობს. პიკას დაავადებას ხშირად გონებრივი განვითარების დარღვევას უკავშირებენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამგვარი კვებითი აშლილობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ორგანიზმისთვის სასარგებლო ისეთი ნივთიერებების ნაკლებობა იყოს, როგორიც, რკინა და თუთიაა. პიკას უმეტესად იმ კომპანიონ ცხოველებში ვხვდებით, რომლებიც არასრულფასოვნად, ერთფეროვანი საკვებით იკვებებიან.
დაავადების თავიდან ასაცილებლად თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვებით გაუმასპინძლდით და სხვადასხვა ინტერაქტიული თამაშებით უზრუნველყავით მისი გონებრივი სტიმულაცია. საბედნიეროდ, პიკა დროებითი მოვლენაა და, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება.