კატის ჯიშები

თურქული ვანი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

თურქული ვანი

თურქული ვანი სპორტული აღნაგობის მქონე კომპანიონი ცხოველია. მას სიმაღლეებზე ცოცვა და ახალი ადგილების გამოკვლევა უყვარს. სწორედ ამ აქტიური ტემპერამენტის გამოა, რომ მას მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შეუფერებელ კომპანიონ ცხოველად მიიჩნევენ.

თურქული ვანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი წყლისადმი სიყვარულია. ამის გამო, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ხშირად “მცურავ კატებსაც“ უწოდებენ. ვანის ტბის მახლობლად მცხოვრებ კატებს ეს თვისება მაშინ განუვითარდათ, როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო წყალში გაგრილება დაიწყეს. 

რეგიონალურ საგანძურად მიჩნეული ეს იშვიათი ჯიში ერთგულსა და მოსიყვარულესთან ერთად, უაღრესად გონიერი და აქტიურია. იქნება ეს სუფთა ჰაერზე სეირნობა თუ დახურულ სივრცეში ინტერაქტიული თამაში, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ბევრი ვარჯიში ესაჭიროება. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მხიარულება
  • ცნობისმოყვარეობა
  • დამოუკიდებლობა
  • მეგობრულობა
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მოსიყვარულე ბუნება
  • სილაღე
  • გონიერება
  • თავდაჯერებულობა
  • წყლის სიყვარული
  • ათლეტური აღნაგობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    თურქული ვანის სიმაღლე 23-28 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 36-43 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული თურქული ვანი 4.5 კილოგრამიდან 8 კილოგრამამდე იწონის. თურქული ვანის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. 

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    თურქული ვანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 17 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    თურქულ ვანს ნახევრად გრძელი, აბრეშუმისებრი ბეწვი ამშვენებს. მისი ქურთუკის ტექსტურას ხშირად ქაშმირსაც კი ადარებენ. ასეთი გლუვი და რბილი ბეწვის უზრუნველსაყოფად, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს ყოველდღიური გრუმინგი ესაჭიროებათ. 

    მეტისის, რეგდოლისა და მეინ კუნის მსგავსად, თურქული ვანიც სეზონურად იცვლის ბეწვს. ამ პერიოდში მათი დავარცხნის ინტენსივობა საგრძნობლად იმატებს. სხვა კატებისგან განსხვავებით, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი წყალგამძლეა, რაც საკმაოდ უჩვეულოა. 

  • ჯიშის ხასიათი

    თურქული ვანი კატების მოყვარული იმ ადამიანებისთვისაა შესაფერისი, რომელთაც გვერდით ერთგული, მოსიყვარულე და ჭკვიანი კომპანიონი ცხოველის ყოლა სურთ და მზად არიან, ოჯახის ახალ წევრზე ისე იზრუნონ, მართლა როგორც საჭიროა! 

    ეს არის ჯიში, რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით, ცნობისმოყვარეობითა და გონიერებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, თუ იოლად მსხვრევადი, დელიკატური ნივთების შენახვა გიყვართ შესაძლოა თურქული ვანი სულაც არ იყოს თქვენთვის იდეალური თანამგზავრი. 

    თურქული ვანის პიროვნებას ყველაზე უკეთ ენერგიულისა და მხიარულის სიტყვათა შეთანხმება აღწერს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები დიდ ყურადღებას ითხოვენ კომპანიონი ადამიანებისგან და რეგულარულ ვარჯიშთან ერთად მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვასაც ხშირად საჭიროებენ. 

    თურქული ვანები სხვა კატებისგან წყლის სიყვარულით გამოირჩევიან და ამით მათთან თანაცხოვრების გამოცდილებას კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდიან. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    სმენის თანდაყოლილი პრობლემები

    თურქული ანგორას მსგავსად, გენეტიკის გამო, შესაძლოა თურქული ვანიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემით დაიბადოს. თეთრ ბეწვზე პასუხისმგებელი გენი ხშირად სიყრუის გენთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის გამოა, რომ სმენის თანდაყოლილი პრობლემები ყველაზე ხშირად თეთრი ფერისა და ცისფერი თვალების მქონე კომპანიონ ცხოველებში ვლინდება. 

    შესაძლოა ამ პრობლემამ კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხზე იქონიოს გავლენა, თუმცა, ის ნეგატიურად არასდროს ზემოქმედებს ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების პიროვნულ თვისებებზე. სმენის პრობლემის მქონე თურქულ ვანებს განსაკუთრებული ზრუნვა ესაჭიროებათ. მდგომარეობის მართვას და სიყრუით გამოწვეული სხვა პრობლემების პრევენციას ვეტერინართან აქტიური კომუნიკაციით შეძლებთ. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    დაბალანსებული კვება თურქული ვანის ოპტიმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფისთვის აუცილებელი კომპონენტია. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების აქტიური ცხოვრების წესი ცილებით მდიდარ, მაღალი ხარისხის საკვებს საჭიროებს. 

    თუმცა, გახსოვდეთ, რომ შესაფერისი საკვების შერჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი პორციების კონტროლია, ვინაიდან, ჭარბი კვების შემთხვევაში, ჯიშის წარმომადგენლებს სიმსუქნისადმი აქვთ მიდრეკილება.

    სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად თურქული ვანის დღეში ორჯერ გამოკვებას გირჩევთ. კომპანიონი ცხოველის საკვები პორციები მისი აქტივობის დონისა და წონის მიხედვით დაარეგულირეთ და ყოველთვის მოერიდეთ მისთვის ადამიანის საკვების მიცემას. Გახსოვდეთ, კატებისთვის განსაკუთრებით ტოქსიკური შოკოლადი, ხახვი და ნიორია. 

    თქვენი თურქული ვანის ასაკის, აქტივობის დონისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, კვების გრაფიკის დასადგენად გირჩევთ ნუტრიციოლოგს მიმართოთ, თუმცა, მასთან კონსულტაციამდე ყურადღებით გაეცანით საკვები პროდუქტის ეტიკეტზე წარმოდგენილ ინფორმაციას და სწორედ ამ მითითებების შესაბამისად მიაწოდეთ თქვენს კომპანიონ ცხოველს საკვები. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    თურქული ვანი თურქეთში, ვანის ტბის რეგიონში წარმოიშვა. ჯიშის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ისტორიული ჩანაწერების თანახმად, თურქული ვანი დაახლოებით ხუთი ათასი წელია ადამიანების გვერდით ცხოვრობს.  თურქები ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების კისერზე გამოსახულ პატარ, ფერად ნიშნებს ალაჰის თითის ანაბეჭდს უწოდებენ. 

    ჯიშის წარმომადგენლები აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში ცხოვრობდნენ და სავარაუდოდ, სწორედ ამგვარმა იზოლაციამ განაპირობა მათი უნიკალური თვისებების ჩამოყალიბება. თურქული ვანი მშობლიური საზღვრების ფარგლებს გარეთ მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე იყო უცნობი. თუმცა, ეს ყველაფერი 1950-იან წლებში შეიცვალა. მაშინ, როდესაც ორი ბრიტანელი ფოტოგრაფი, ლორა ლუშინგტონი და სონია ჰალიდეი ჯიშის წარმომადგენლებს თურქეთში მოგზაურობის დროს შეხვდნენ და გასაოცარი გარეგნობითა და უჩვეულო ქცევით მოხიბლულებმა მათი სამშობლოში წაყვანა გადაწყვიტეს.  

    პირველი თურქული ვანი ინგლისში 1955 წელს გაემგზავრა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყეს ლორამ და სონიამ თურქული ვანის, როგორც უნიკალური ჯიშის პოპულარიზაცია. თავდაპირველად, ჯიშს თურქული კატის სახელით მოიხსენიებდნენ, მაგრამ თურქულ ვანსა და თურქულ ანგორას შორის არასაკმარისი სხვაობის გამო, საბოლოოდ ჯიშს საკუთარი, უნიკალური სახელი მიანიჭეს.

    ჯიში ოფიციალურად კატების საერთაშორისო ასოციაციის (TICA) მიერ 1979 წელს, კატების მოყვარულთა ასოციაციის (CFA) მიერ კი 1988 წელს იქნა აღიარებული. დღეს თურქულ ვანს არა მხოლოდ უნიკალური გარეგნობისა და ცურვის უნარის, არამედ მოსიყვარულე ბუნებისა და მხიარული პიროვნების გამოც აფასებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.