ძაღლის ჯიშები

ვეიმარანერი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

ვეიმარანერი

ვეიმარანერი – აგრეთვე, ცნობილი როგორც ვეიმი ან “ნაცრისფერი მოჩვენება” – ირმებზე, დათვებსა და მგლებზე ნადირობისთვის გამოყვანილი, გერმანული წარმომავლობის მქონე ჯიშია. მონადირეები ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს გონიერებისა და სილამაზის გამო აფასებენ. თუმცა, ვეიმი შესანიშნავი ყნოსვის უნარითაც გამოირჩევა. 

თვალწარმტაცი აბრეშუმისებრი ბეწვითა და სპორტული აღნაგობით ცნობილი ვეიმარანერი, ფანტასტიკური არჩევანია აქტიური ადამიანებისა თუ ოჯახებისთვის. ეს ჯიში მაღალ ინტელექტთან ერთად, უშრეტი ენერგიითა და ძლიერი სამუშაო ეთიკითაც გამოირჩევა. ეს მას შესანიშნავ კომპანიონად აქცევს მათთვის, ვისაც ლაშქრობა, სირბილი და ნადირობა უყვარს. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • სიმშვიდე
  • მეგობრული ხასიათი 
  • ენერგიის მაღალი დონე
  • გონიერება
  • ერთგულება
  • მოსიყვარულე ბუნება
  • მხიარულება
  • სიმამაცე
  • კომუნიკაბელურობა
  • ცნობისმოყვარეობა
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    ვეიმარანერის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 58-69 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 86-102 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    ვეიმარანერის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 25-36 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    ვეიმარანერის სიცოცხლის ხანგრძლივობა 11-დან 14 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 72-88 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    ჯიშის წარმომადგენლებს მოკლე, გლუვი ქურთუკი ამშვენებს. მათი თხელი ბეწვის ფენა, ჩვეულებისამებრ, ნაცრისფერი, იშვიათ შემთხვევებში კი ყავისფერია. სისუფთავის შენარჩუნების თვალსაზრისით, ვეიმარანერი ერთ-ერთი ყველაზე იოლად მოსავლელი ჯიშია. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვზე ზრუნვა მცირე დროს საჭიროებს. მათი გრუმინგი მხოლოდ კვირაში ერთხელაა საჭირო. 

  • ჯიშის ხასიათი

    ვეიმარანერი ენერგიული და უაღრესად აქტიური ძაღლია, რომელსაც რეგულარული ვარჯიში ესაჭიროება. ამის გარეშე შესაძლოა ის დესტრუქციულიც კი გახდეს. საუკეთესო შემთხვევაში, ზრდასრულ ვეიმარანერს ორ-საათიანი რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ესაჭიროება. ამისთვის, სასურველია მას მოზრდილი ზომის, კარგად შემოღობილი ბაღი ჰქონდეს. ვარჯიში ამ კომპანიონი ცხოველების ენერგიას გამოათავისუფლებს და მათ მოწყენილობასაც ააცილებს თავიდან. 

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები წარმოუდგენლად ჭკვიანები არიან და იციან როგორ გამოიყენონ გონების ძალა იმის მისაღებად, რაც სურთ. სწორედ ამ გონიერების გამოა მათი გაწვრთნა გამოწვევა. წვრთნის პროცესში სასურველი შედეგის მისაღწევად, გამოიყენეთ პოზიტიური გაძლიერების ტაქტიკა და იყავით თანმიმდევრული. 

    ვეიმერანერი მეგობრული, თუმცა, პატარა ბავშვებთან ერთად ცხოვრებისთვის ზედმეტად აქტიური ძაღლია. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს კომპანიონ ადამიანებთან ხანგრძლივი ინტერაქცია ესაჭიროებათ. სათანადო სოციალიზაციის შემთხვევაში, ისინი სხვა ძაღლებსაც კარგად ეგუებიან. თუმცა, გენეტიკური მემკვიდრეობისა და მონადირული ინსტინქტების გამო, კატები, მღრღნელები, ფრინველები და ქვეწარმავლები, ვეიმარანელებისგან შორს უნდა იყოლიოთ. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დაავადების დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

    შებერილობა

    შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარ პრობლემად აღიქმება, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს. პრობლემის პრევენციისთვის, ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციეთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი და ჭარბი ნერწყვდენაა. სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ვეტერინარს. 

    შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპანიონი ცხოველის რაციონი მინიმუმ ორ კვებაზე გაანაწილეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭამის შემდეგ თქვენმა მეგობარმა დიდი რაოდენობით წყალი არ მიიღოს. უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს მიანიჭეთ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    აქტიური ცხოვრების წესისა და სპორტული აღნაგობის გამო, ზრდასრული ვეიმარანერი მაღალი ხარისხის ცილებით მდიდარი საკვებით უნდა გამოვკვებოთ. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს, როგორც წესი, დაახლოებით 2,5-3,5 ჭიქა მშრალი საკვები ესაჭიროებათ. თუმცა, ჩვეულებისამებრ, პორციის ზომა თქვენი ძაღლის ასაკზე, წონაზე, აქტივობის დონესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

    თუ თქვენი ვეიმარანერი ჯერ კიდევ ლეკვია, მას სპეციალურად ლეკვებისთვის ფორმულირებული საკვები დასჭირდება. სრულად დაბალანსებული პრემიუმ საკვები ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში და საჭმლის მომნელებელი ფუნქციის გაუმჯობესებაში დაეხმარება. 

    გაითვალისწინეთ, არსებობს გარკვეული საკვები პროდუქტები, რომელთა მიღება ვეიმარანერებისთვის მიზანშეწონილი არ არის. საფრთხისშემცველი პროდუქტების სიას შოკოლადი, კოფეინი, ალკოჰოლი, ყურძენი, ქიშმიში, ხახვი, ნიორი, ავოკადო და თხილი მიეკუთვნება. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, თავიდან აირიდოთ მოხარშული ძვლებით კვება. ამან შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანება და ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. 

    ჯიშისთვის დამახასიათებელი შებერილობის თავიდან ასაცილებლად თქვენს ოთხფეხა მეგობარს დღეში 2-3-ჯერ მიაწოდეთ საკვები. თუმცა, გახსოვდეთ, კომპანიონ ცხოველებს ერთმანეთისგან განსხვავებული, უნიკალური საჭიროებები და, შესაბამისად, კვებასთან დაკავშირებული განსხვავებული პრეფერენციები აქვთ. ამის გამო, სასურველია დეტალური ინფორმაციისთვის კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ.  

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    ჯიში მე-19 საუკუნის დასაწყისში, ვაიმარის ჰერცოგის, კარლ ავგუსტის ინიციატივით შეიქმნა. ჰერცოგის მიზანი იყო ჰყოლოდა სრულყოფილი მონადირე ძაღლი, რომელიც წარმატებით შეძლებდა როგორც ირემზე, აგრეთვე, ღორსა და დათვზე ნადირობას. ამ მიზნის მისაღწევად, სელექციის პროცესში გერმანული პოინტერი და ფრანგული მონადირე ძაღლები იღებდნენ მონაწილეობას. 

    სულ მალე, ვაიმარანერმა მკვეთრი ყნოსვით, სისწრაფითა და გონიერებით გაითქვა სახელი. ის შესანიშნავ მონადირე ძაღლთან ერთად არისტოკრატების ერთგული თანამგზავრიც გახლდათ. ჯიში მრავალი წლის განმავლობაში  მიიჩნეოდა გერმანელი დიდებულების საგანძურად – ამ შესანიშნავი კომპანიონი ცხოველების საკუთრება ვეიმარანერების კლუბის ექსკლუზიური წევრობით იყო შეზღუდული. 

    მოგვიანებით, ვეიმარანერის ყოლა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მოისურვა. პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერსაც კი ჰყავდა ვაიმარანი, სახელად ჰეიდი.