კანისა და ყურის ინფექციები
კანის ინფექციებთან დაკავშირებული გართულებების თავიდან ასარიდებლად, სპეციალურად ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას გირჩევთ. აგრეთვე, შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველია თქვენს ოთხფეხა მეგობარს ალერგიული სინჯი გაუკეთოთ და მაქსიმალური სიზუსტით დაადგინოთ, თუ რომელ პროდუქტებზე აქვს მას ალერგია. ეს შესაძლებლობას მოგცემთ რაციონიდან ამოიღოთ ყველა ის ინგრედიენტი, რომელმაც კვებითი ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს.
ბრაქიცეფალია
ბულდოგის, მოპსისა და ბოქსერის მსგავსად, შარპეიც ბრაქიცეფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასაც მოკლე ცხვირი და შევიწროებული ნესტოები აქვს. სწორედ ამიტომ, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნთქვის პრობლემებისა და ხვრინვისკენ არიან მიდრეკილი. მათი სუნთქვის პრობლემა წონის მატებასთან ერთად უარესდება. ამიტომ, ჯანსაღი საკვების მიღებას და წონის მონიტორინგს პრობლემის პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თავის ქალის ბრაქიცეფალიური სტრუქტურის გამო, შარპეის დახურულ სივრცეში დიდხანს დატოვება განსაკუთრებით სახიფათოა. მოერიდეთ, მის მაღალ ტემპერატურაზე გასეირნებასაც. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მზის პირდაპირი სხივები ჩვენი კომპანიონი ცხოველების ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.
გლაუკომა
გლაუკომა თვალშიგა წნევის ზრდას და მხედველობის ნერვის დაზიანებას იწვევს. გლაუკომის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე კომპანიონი ცხოველების მხედველობა უმნიშვნელოდ უარესდება, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა საქმე განუკურნებელ სიბრმავემდე მივიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პრევენცია რთულია, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და თვალების ჯანმრთელობის დიაგნოსტიკა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
ენტროპიონი
ენტროპიონი ქუთუთოს ჩაბრუნებას და წამწამების თვალის ზედაპირთან სიახლოვეს იწვევს. ამან შესაძლოა თვალის კაკლის დაზიანება და წყლულის წარმოქმნა გამოიწვიოს. ენტროპიონი ადამიანების მსგავსად ცხოველებშიც ცრემლდენასა და სიწითლეს იწვევს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ვეტერინარები ხშირად ხელოვნურ ცრემლსა და დამატენიანებელ მალამოებს იყენებენ.
შარპეის ცხელება
შარ პეის დანაოჭებული კანის მიზეზი, დერმისში დაგროვებული ჰაილურონის მჟავა იმუნურ სისტემას ააქტიურებს და მაკროფაგების გადაჭარბებული რაოდენობით წარმოქმნას იწვევს, რაც შემდგომ ცხელებაში ვლინდება.
ცხელების სინდრომის მიმართ ყველაზე მეტად დანაოჭებული კანის მქონე ძაღლები არიან მიდრეკილი. ეპიზოდები ხშირად არარეგულარული ინტენსივობით, 12-48 საათის განმავლობაში გრძელდება და მაღალ სიცხესთან ერთად სახსრების ტკივილსაც იწვევს.