ძაღლის ჯიშები

დალმატინელი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

დალმატინელი

უნიკალური ლაქებით გამორჩეული დალმატინელი ცხოველთა სამყაროს ნამდვილი მშვენებაა. ეს სიცოცხლით სავსე ძაღლები საუკუნეების განმავლობაში იკავებდნენ საპატიო ადგილს დიდგვაროვნების, ბოშებისა და მეხანძრეების გვერდით. 

მოხდენილი პროპორციებისა და შეუდარებელი სიმამაცის გამო დალმატინელი საიმედო მცველად მიიჩნეოდა. თუმცა, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები დღეს  ერთგული და მოსიყვარულე კომპანიონები არიან. გონიერება და თავგადასავლების სიყვარული მათ ცხოვრების აქტიური წესის მქონე ადამიანების საუკეთესო თანამგზავრად აქცევს. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • დამოუკიდებლობა
  • სიფრთხილე
  • გონიერება
  • ერთგულება
  • მხიარულება
  • მეგობრული ხასიათი
  • ენერგიული ტემპერამენტი
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    დალმატინელის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 70-76 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 79-84 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    დალმატინელის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 20-32 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    დალმატინელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 11-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 72-93 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები თეთრი ფერის ბეწვით იბადებიან. მათი ლაქები მხოლოდ ასაკის მატებასთან ერთად ჩნდება. ზრდასრული დალმატინელის მკვეთრად გამოხატული ლაქები, ძირითადად,  შავი ან ყავისფერია. დალმატინელის ბეწვი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ იოლად მოსავლელიცაა. ჯიშის წარმომადგენლები მხოლოდ კვირაში ერთხელ საჭიროებენ დავარცხნას. 

    დალმატიელები სუფთა ძაღლები არიან. მათ მცირედით ან საერთოდ არ აქვთ კომპანიონი ცხოველებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი. რეგულარული დავარცხნის შემთხვევაში, ისინი წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ საჭიროებენ დაბანას. ხშირმა დაბანამ შესაძლოა ჩვენი ოთხფეხა მეგობრის კანის გამოშრობა და აქერცვლა გამოიწვიოს.

  • ჯიშის ხასიათი

    მეგობრული ხასიათის მქონე დალმატინელები, როგორც წესი, ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ანიჭებენ უპირატესობას. უსაზღვრო ენერგია და თავგადასავლების სიყვარული მათ შესანიშნავ კომპანიონებად აქცევს მათთვის, ვისაც სეირნობა, სირბილი ან ლაშქრობა უყვარს. ამის მიუხედავად, ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა თავშეკავებული და გარკვეულწილად აგრესიულიც კი იყოს უცხო ადამიანების ან ცხოველების მიმართ. 

    ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, თქვენი ლეკვი რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს სხვადასხვა ვითარებაში. იმის გააზრება, რომ ახალი ადგილები და ადამიანები საფრთხეს არ წარმოადგენენ, არამხოლოდ გააუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს, არამედ მასთან ერთად ცხოვრებასაც უფრო სასიამოვნოს გახდის. 

    ოთხფეხა მეგობარს ლეკვობის ასაკში უნდა ვასწავლოთ კარგი მანერები. თუმცა, გახსოვდეთ, მგრძნობიარე ბუნების გამო, დალმატინელები მხოლოდ ჯილდოზე დაფუძნებულ წვრთნაზე რეაგირებენ ეფექტურად. დალმატიელები გონიერი ძაღლები არიან და სწრაფად სწავლობენ, თუმცა, შესაძლოა გარკვეულ სიტუაციებში  დამოუკიდებლობა ან სიჯიუტე გამოავლინონ. სათანადო წვრთნის შემთხვევაში, ეს ჭკვიანი ძაღლები შესანიშნავ მცველებად ყალიბდებიან.

    არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მქონე დალმატინელთან ცხოვრება რთულია. ყველა დალმატინელს სჭირდება რეგულარული ვარჯიში, რათა დარჩეს ფორმაში და თავი ბედნიერად იგრძნოს. იდეალურ შემთხვევაში, მათ ვარჯიშს დღეში ერთიდან სამ საათამდე, ან თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მქონე დალმატინელს შესაძლოა დეპრესიის ნიშნები, ან დესტრუქციული ქცევა განუვითარდეს.

    ენერგიული და მხიარული დალმატინელი წინდახედული ძაღლია და ბავშვებთან ურთიერთობის დროს განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. თუმცა, ხშირად აღნიშნავენ, რომ ჯიში მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ზედმეტად აქტიურია. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილის ზომების მიღება და პატარა ბავშვებსა და დალმატინელებს შორის ურთიერთობაზე დაკვირვება გვმართებს. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    სმენის თანდაყოლილი პრობლემები 

    თეთრ ბეწვზე პასუხისმგებელი გენი ხშირად სიყრუის გენთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის გამოა, რომ სმენის პრობლემები ყველაზე მეტად თეთრი ფერის მქონე კომპანიონ ცხოველებში ვლინდება. სმენის სირთულე შესაძლოა თანდაყოლილი იყოს, ან მოგვიანებით, ისეთი ფაქტორების გამო განვითარდეს, როგორიც, მაგალითად, ხანდაზმულობის ასაკი ან ყურის ინფექციაა. 

    სმენის დაქვეითება მნიშვნელოვნად მოქმედებს კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხზე და ხშირად წვრთნისა და კომუნიკაციის მეთოდების კორექტირებასაც საჭიროებს.

    ბარძაყის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს. 

    კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დაავადების დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო. 

    მიუხედავად იმისა, რომ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

    ეპილეფსია

    ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდი ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება. გახსოვდეთ, ვეტერინარის ყურადღება და მედიკამენტური მკურნალობის დროულად დაწყება დაავადების მართვის საუკეთესო  გზაა.

    ატოპიური დერმატიტი

    ატოპიური დერმატიტი კომპანიონ ცხოველებში გავრცელებული კანის დაავადებაა. ეს გახლავთ ალერგენების მიმართ ზედმეტად აქტიური იმუნური პასუხის გამო განვითარებული ანთებითი პროცესი. ატოპიური დერმატიტი კანის ანთებას, შეწითლებასა და ქავილს იწვევს. ატოპიური დერმატიტის სიმპტომები ხშირად ჰგავს კანის სხვა დაავადებებით გამოწვეულ სიმპტომებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დიაგნოზი ვეტერინარმა დასვას. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    თუ დალმატინელის ლეკვის კვებას ისე აპირებთ მართლა როგორც საჭიროა, უპირატესობა სრულად დაბალანსებულ საკვებს მიანიჭეთ. ლეკვის მაღალი ხარისხის საკვები თქვენი კომპანიონი ცხოველის ორგანიზმს სწორი ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით გაამდიდრებს. 

    6 კვირიდან 3 თვემდე პერიოდში, როგორც კი ლეკვი მყარი საკვების მიღებას დაიწყებს, ეცადეთ მას ხშირად, თუმცა მცირე რაოდენობის საკვებით გაუმასპინძლდეთ. როგორც წესი, ასეთ დროს დღეში 4 კვებაა რეკომენდებული. 3-დან 6 თვემდე პერიოდში კვების სიხშირის შემცირებას და დღეში 3-ჯერ კვებას გირჩევთ. 

    ლეკვის საკვებიდან ზრდასრული ძაღლის  საკვებზე გადასვლა ეტაპობრივად განახორციელეთ და ამ შემთხვევაშიც,  ზრდასრული ძაღლის პრემიუმ ხარისხის მშრალ საკვებს მიანიჭეთ უპირატესობა. ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად, საკვების პორცია თქვენი კომპანიონი ცხოველის აქტივობის დონეს უნდა შეესაბამებოდეს. ამიტომ, ყოველთვის დაიცავით საკვების შეფუთვაზე არსებული მითითებები და ინდივიდუალური რეკომენდაციებისთვის ნუტიციოლოგს მიმართეთ. 

    კომპეტენტური კვებისთვის, შეიტყვეთ, ადამიანებისთვის განკუთვნილი რომელი საკვებია ძაღლებისთვის უსაფრთხო და ყოველთვის მოერიდეთ ოთხფეხა მეგობრის მოხარშული ძვლებით გამოკვებას. ძვლის ნამსხრევებმა შესაძლოა დალმატინელის შინაგანი ორგანოების დაზიანება და ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    დალმატინელის ზუსტი წარმომავლობა გარკვეულწილად უცნობია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ჯიში დალმაციის ისტორიულ რეგიონში, დღევანდელ ხორვატიაში გამოიყვანეს. ითვლება, რომ ისინი პოინტერის შთამომავლები არიან.

    დალმატინელები ხორვატიიდან ბრიტანეთში გავრცელდნენ. აქ, დალმატინელის მსგავს ლაქებიან კომპანიონ ცხოველებს ტალბოტის ძაღლებს უწოდებდნენ. მათ ეტლის თანხლებისთვის და მგზავრების/ტვირთის დასაცავად იყენებდნენ. 1791 წელს ინგლისელმა ავტორმა თომას ბევიკმა ამ ძაღლს “დალმატინელი” უწოდა.

    1800-იან წლებში ჯიში თავადაზნაურთა სტატუსის სიმბოლოდ იქცა. დალმატინელი ბოშა მოგზაურების საყვარელი კომპანიონი ცხოველიც იყო. ევროპაში ხეტიალის დროს, ჯიშის წარმომადგენლები მომთაბარე ადამიანებს ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ. მოგვიანებით, დალმატინელი სახანძრო სამსახურის სინონიმად იქცა, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, სადაც ისინი დღემდე ბრიგადის ოფიციალურ თილისმად ითვლებიან. 

    1961 წელს გამოსულმა დისნეის ცნობილმა ანიმაციამ “101 დალმატინელი” ჯიშისადმი სიყვარული კიდევ უფრო მეტად გაზარდა. დოდი სმიტს “101 დალმატინელის” შექმნის იდეა 1956 წელს, მაშინ გაუჩნდა, როდესაც მეგობარმა ის კომპანიონ დალმატინელთან ერთად ნახა და აღნიშნა, რომ ამ ბეწვისგან მშვენიერი ქურთუკი შეიკერებოდა.