ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.
კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დაავადების დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
დილატაციური კარდიომიოპათია
დილატაციური კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც მარცხენა პარკუჭის გაგანიერებასა და დათხელებას იწვევს. დაავადება არარეგულარულ გულისცემას, სისხლის კოლტების წარმოქმნას და მოულოდნელ სიკვდილს იწვევს. დილატაციური კარდიომიოპათიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გენეტიკა, დიაბეტი, გულის თანდაყოლილი დაავადება ან ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექცია გახდეს.
დაავადებას ხშირად დაღლილობა, გულის უკმარისობა, ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობის დაქვეითება, ფეხების შეშუპება და მუცლის არეში შესიება ახლავს თან. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. დილატაციური კარდიომიოპათიის ადრეული დიაგნოსტირება დაავადებასთან ეფექტურად ბრძოლაში დაგეხმარებათ.
ფონ ვილბრანდის დაავადება
ფონ ვილბრანდის დაავადება ჭარბ სისხლდენას იწვევს. ჩვეულებისამებრ, ეს მდგომარეობა მემკვიდრულია. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, კომპანიონი ცხოველის განვითარების გვიან ეტაპზეც ვითარდება. დაავადების მიზეზი სისხლის შედედების პროცესში მონაწილე უმნიშვნელოვანესი ცილის დეფიციტია. ფონ ვილბრანდის დაავადება მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებს.
ვობლერის სინდრომი
ვობლერის სინდრომი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც კისრის მალების არასტაბილურობას და უკანა კიდურებით კოჭლობას იწვევს. სინდრომი ძირითადად დიდ და გიგანტურ ჯიშებში ვლინდება. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, ვეტერინარები ვარაუდობენ, რომ მას გენეტიკური წინასწარგანწყობა განაპირობებს.
დაავადების დიაგნოსტირებისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა საჭირო. ვობლერის სინდრომის სამკურნალოდ სულ მცირე 21 სხვადასხვა ტიპის ოპერაცია არსებობს. თუმცა, მკურნალობა ძირითადად ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით ან ქირურგიული გზით მიმდინარეობს.
შებერილობა
შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარ პრობლემად აღიქმება, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს. პრობლემის პრევენციისთვის, ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციეთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი და ჭარბი ნერწყვდენაა. სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ვეტერინარს.
შებერილობის თავიდან ასაცილებლად, კომპანიონი ცხოველის რაციონი მინიმუმ ორ კვებაზე გაანაწილეთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ჭამის შემდეგ თქვენმა მეგობარმა დიდი რაოდენობით წყალი არ მიიღოს. უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს მიანიჭეთ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ.
ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაა. ჰიპოთირეოზის მქონე კომპანიონ ცხოველებში ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო რაოდენობის თირეოიდულ ჰორმონებს ვერ გამოიმუშავებს. თირეოიდული ჰორმონების შემცირებული რაოდენობა ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას აფერხებს და შედეგად ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიც კანის სიმშრალე, დაღლობა და უენერგიობაა.
ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის დაბალანსებული დიეტაა საჭირო. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ტესტირება ამ მდგომარეობის დროულ იდენტიფიცირებასა და მართვაში დაგეხმარებათ.