მუხლის ქუდის დისლოკაცია
მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება.
მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, ვეტერინარულ კლინიკაში რეგულარული ვიზიტი მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.
ტრაქეის კოლაფსი
მცირე ზომისა და ტრაქეის დელიკატური სტრუქტურის გამო, შესაძლოა პომერანული შპიცი ტრაქეის კოლაფსისადმი იყოს მიდრეკილი. ეს გენეტიკური დაავადება ტრაქეის რგოლების შევიწროებას იწვევს. დაავადებას თან ისეთი სიმპტომები ახლავს, როგორიც ფიზიკური დატვირთვით ან ემოციური აღგზნებით გამოწვეული ქრონიკული ხველება, ქოშინი და ჟანგბადის უკმარისობაა. დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები შესაძლოა ქიმიური ნაერთების შესუნთქვამ, მჭიდრო საყელომ ან კისრის არეში მიღებულმა ტრამვამ გამოიწვია.
ვეტერინართან მჭიდრო თანამშრომლობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის უზრუნველყოფა და მშვიდი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება დაავადების მართვის გონივრული გზაა.
სირინგომიელია
სირინგომიელია ზურგის ტვინში სითხით სავსე კისტის ჩამოყალიბებას იწვევს. დაავადება ტვინსა და სხეულს შორის არსებულ კომუნიკაციას არღვევს და ისეთ სიმპტომებში ვლინდება, როგორიც სისუსტე, ტემპერატურისადმი მგრძნობელობა, კუნთების ატროფია, გამონაყარი და ტკივილია კისრის არეში. სიმპტომები, როგორც წესი, ნელა ვითარდება და დაავადების პროგრესირების გვიანდელ ეტაპზე იჩენს თავს.
მკურნალობის დაგვიანებამ შესაძლოა ზურგის ტვინის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ, პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართოთ ვეტერინარს და შესაბამისი დიაგნოსტიკური ტესტებით შეაფასოთ კომპანიონი ცხოველის ხერხემლის ჯანმრთელობის.
ჰიდროცეფალია
ჰიდროცეფალია თავის ქალაში არსებული სითხის რაოდენობის მატებას და ტვინის პარკუჭების გაფართოებას განაპირობებს. დაავადება თავის ქალის ზომის ზრდას, ძლიერ ტკივილსა და პირღებინებას იწვევს.
ჰიდროცეფალიის დიაგნოზის დასმა კომპლექსური პროცესია და ვეტერინართან აქტიურ კომუნიკაციასთან ერთად კლინიკური გამოკვლევების ჩატარებასაც საჭიროებს. იმის მიხედვით, დაავადება თანდაყოლილია თუ შეძენილი, მას მედიკამენტებით ან ქირურგიული წესით მკურნალობენ.
ალოპეცია
ალოპეცია კომპანიონი ცხოველის სხეულის გარკვეული ნაწილებიდან თმის ცვენას გულისხმობს. დაავადების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გენეტიკური ფაქტორი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ან ფსიქოლოგიური სტრესი იყოს.
თმის ზრდის ბუნებრივი პროცესის აღსადგენად ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში ბეწვი რამდენიმე თვის განმავლობაში დაიბრუნებს ბუნებრივ ფერსა და ფორმას. თავდაპირველად, თმა შესაძლოა თხელი და თეთრი ამოვიდეს, თუმცა დროთა განმავლობაში აუცილებლად გამაგრდება.