ძაღლის ჯიშები

თოი პუდელი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

თოი პუდელი

თუ პატარა სხეულის მქონე, ჭკვიან და აქტიურ კომპანიონს ეძებთ, თოი პუდელი შესანიშნავი არჩევანია თქვენთვის. იდეალურ შემთხვევაში, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს რეგულარული მოვლა, გართობა და ვარჯიში ესაჭიროებათ, თუმცა, მათი მცირე ზომის გამო, ეს სულაც არ არის რთული.მაღალ ინტელექტთან ერთად, თოი პუდელი მხიარული და სოციალური ქცევითაც გამოირჩევა. ის შესანიშნავი არჩევანია ალერგიის მქონე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ზედმეტად პატარა სახლი, მაგრამ საკმარისად დიდი გული აქვთ იმისთვის, რომ ოჯახის ახალი წევრის ყოლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღონ.

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • მაღალი ინტელექტი
  • ერთგულება
  • მხიარულება
  • მეგობრული ხასიათი 
  • მოსიყვარულე ბუნება
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • ცოცხალი ტემპერამენტი
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    თოი პუდელის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 41-53 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მონაცემებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 38-48 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    თოი პუდელის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 5-დან 9 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    თოი პუდელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 64-76 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    სათამაშო პუდელს სქელი, ხვეული ბეწვი ამშვენებს და სწორედ ამის გამოა, რომ ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები რეგულარულ დავარცხნას და ოთხ-ექვს კვირაში ერთხელ პროფესიონალურ გრუმინგს საჭიროებენ. ჰიპოალერგიული ბეწვის გამო, თოი პუდელი ალერგიის მქონე ადამიანებისთვის პოპულარული არჩევანია. ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს თეთრ, შავ, ყავისფერ, ოქროსფერ, ვერცხლისფერ და ჟღალ ტონალობებში შეხვდებით. 

  • ჯიშის ხასიათი

    ჰიპოალერგიული ბეწვით ცნობილი ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრი გონიერების, ელეგანტურობისა და მეგობრული ბუნების შესანიშნავი კომბინაციაა. თოი პუდელი აქტიური, კომუნიკაბელური და მოსიყვარულე თანამგზავრია. ის მორჩილებით გამოირჩევა და ახალ მითითებებსაც ყოველთვის სიამოვნებით სწავლობს. 

    ინტელექტუალური, ცოცხალი და მოსიყვარულე ხასიათით ცნობილი თოი პუდელი ელეგანტურ გარეგნობას მხიარულ და ცნობისმოყვარე ბუნებასთან აერთიანებს. ყურადღების ცენტრში ყოფნა და დროის კომპანიონი ადამიანების გარემოცვაში გატარება ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ცხოვრების წესია. განშორების შფოთვის გამო, მათი მარტო დატოვება დაუშვებელია. 

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    მუხლის ქუდის დისლოკაცია

    მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტისა და ტკივილის თავიდან ასაცილებლად სახსრების ირგვლივ არსებული კუნთების რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.

    მაღალი ხარისხის დაბალანსებული საკვების მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებასა და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება. 

    პერტესის დაავადება 

    პერტესის დაავადება ბარძაყის ძვლის ზემოთ მოთავსებული ზრდის ფირფიტის სისხლით მომარაგებას ამცირებს. დაავადება ბარძაყის ძვლის ტკივილსა და გადაადგილების სირთულეს იწვევს. ჩვეულებისამებრ, ტკივილი თანდათან იწყება და ნელა პროგრესირებს. 

    დიაგნოზი ძვლის სკანირებით ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით დასტურდება. მკურნალობას რაც შეეხება, შესაძლოა დამჭერი ნახვევის, თაბაშირის ან არტაშანის გამოყენება გახდეს საჭირო. ფიზიკური თერაპია კუნთების გასამაგრებლად და დაავადების განვითარების პრევენციისთვის განსაკუთეებით მნიშვნელოვანია. უკიდურეს შემთხვევაში, პერტესის დაავადებით გამოწვეული მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა ქირურგიული ოპერაციაც გახდეს საჭირო. 

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია

    პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს მომავალ კომპანიონს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს. 

    დისტიქიაზი 

    დისტიქიაზი იშვიათი დარღვევაა, რომელიც წარმწამების ანომალიურ ზრდას იწვევს. ჩვეულებისამებრ, დაავადება თვალის გაღიზიანებას, შეშუპებასა და სიწითლეს იწვევს. თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა მხედველობის დაკარგვამდეც მივიდეს საქმე. პრობლემის დროულად გამოსავლენად და ეფექტური ზომების მისაღებად, გირჩევთ, პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართოთ ვეტერინარს. 

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    სწრაფი მეტაბოლიზმის გამო, მინიატურული ზომის ძაღლები მეტ ენერგიას საჭიროებენ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით ლეკვობის ასაკში შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ, განვითარების ადრეულ ეტაპზე, თოი პუდელს სპეციალურად პატარა ჯიშის ლეკვებისთვის შექმნილი საკვებით უნდა გავუმასპინძლდეთ. მაღალი ხარისხის დაბალანსებული საკვები ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის ნუტრიციოლოგიურ საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს. 

    ზრდასრული თოი პუდელის მოთხოვნები ენერგიის, ცილების, მინერალებისა და ვიტამინების თვალსაზრისით, ლეკვის საჭიროებებთან შედარებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამიტომ, დაახლოებით 1 წლის ასაკიდან უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ზრდასრული ძაღლებისთვის ფორმულირებულ მაღალი ხარისხის საკვებზე

    როგორც კომპეტენტურმა მშობლებმა, თოი პუდელი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა მოვარიდოთ ადამიანის საკვებს და მისთვის ცხიმიანი საჭმლის შეთავაზებისგანაც უნდა შევიკავოთ თავი. კვების გრაფიკის დაცვა ჩვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე აუცილებელია. 

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის კვებითი საჭიროებების ნუტრიციოლოგთან დაზუსტება გონივრული გადაწყვეტილებაა. პროფესიონალთან კონსულტაცია თქვენი თოი პუდელის ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების გარანტია. თუმცა, ნუტრიციოლოგთან კონსულტაციამდე, სასურველია საკვების შეფუთვაზე წარმოდგენილი კვების მითითებებით ვიხელმძღვანელოთ. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    თოი პუდელი ამერიკაში, მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს. ჯიში სტანდარტული პუდელის მინიატურული ვერსიაა და იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომელებიც პუდელის მაღალი ინტელექტითა და ათლეტურობით არიან მოხიბლული, თუმცა, უპირატესობას მცირე ზომის კომპანიონ ცხოველებს ანიჭებენ. 

    თოი პუდელისგან განსხვავებით, სტანდარტულ პუდელს ოთხსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების საფრანგეთთან ასოციაციის მიუხედავად, “ფრანგული პუდელი” არ არსებობს. ჯიში გერმანიაში, იხვებზე ნადირობის მიზნით გამოიყვანეს. სტანდარტული პუდელის მსგავსად, შექმნის მომენტიდან, თოი პუდელმაც უამრავი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა. თავდაპირველად, მისი ყოლის სურვილს ყველაზე ხშირად ცირკის თანამშრომლები გამოთქვამდნენ.

    თანამედროვე პუდელისთვისთვის დამახასიათებელი ბეწვის შეჭრის ტრადიცია პრაქტიკული მიზნიდან გამომდინარე დამკვიდრდა. მონადირეებს სურდათ, კომპანიონ ცხოველებს თავისუფლად ემოძრავათ წყალში, თუმცა ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების სიცივისგან დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, პუდელის ფეხები, კისერი და კუდი გაეპარსათ, მკერდსა და თეძოებზე კი ხელუხლებლად დაეტოვებინათ ბეწვი.