მეგობრული ხასიათის მქონე დალმატინელები, როგორც წესი, ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ანიჭებენ უპირატესობას. უსაზღვრო ენერგია და თავგადასავლების სიყვარული მათ შესანიშნავ კომპანიონებად აქცევს მათთვის, ვისაც სეირნობა, სირბილი ან ლაშქრობა უყვარს. ამის მიუხედავად, ჯიშის ზოგიერთი წარმომადგენელი შესაძლოა თავშეკავებული და გარკვეულწილად აგრესიულიც კი იყოს უცხო ადამიანების ან ცხოველების მიმართ.
ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, თქვენი ლეკვი რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს სხვადასხვა ვითარებაში. იმის გააზრება, რომ ახალი ადგილები და ადამიანები საფრთხეს არ წარმოადგენენ, არამხოლოდ გააუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს, არამედ მასთან ერთად ცხოვრებასაც უფრო სასიამოვნოს გახდის.
ოთხფეხა მეგობარს ლეკვობის ასაკში უნდა ვასწავლოთ კარგი მანერები. თუმცა, გახსოვდეთ, მგრძნობიარე ბუნების გამო, დალმატინელები მხოლოდ ჯილდოზე დაფუძნებულ წვრთნაზე რეაგირებენ ეფექტურად. დალმატიელები გონიერი ძაღლები არიან და სწრაფად სწავლობენ, თუმცა, შესაძლოა გარკვეულ სიტუაციებში დამოუკიდებლობა ან სიჯიუტე გამოავლინონ. სათანადო წვრთნის შემთხვევაში, ეს ჭკვიანი ძაღლები შესანიშნავ მცველებად ყალიბდებიან.
არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მქონე დალმატინელთან ცხოვრება რთულია. ყველა დალმატინელს სჭირდება რეგულარული ვარჯიში, რათა დარჩეს ფორმაში და თავი ბედნიერად იგრძნოს. იდეალურ შემთხვევაში, მათ ვარჯიშს დღეში ერთიდან სამ საათამდე, ან თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, კიდევ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მქონე დალმატინელს შესაძლოა დეპრესიის ნიშნები, ან დესტრუქციული ქცევა განუვითარდეს.
ენერგიული და მხიარული დალმატინელი წინდახედული ძაღლია და ბავშვებთან ურთიერთობის დროს განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. თუმცა, ხშირად აღნიშნავენ, რომ ჯიში მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ზედმეტად აქტიურია. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, სიფრთხილის ზომების მიღება და პატარა ბავშვებსა და დალმატინელებს შორის ურთიერთობაზე დაკვირვება გვმართებს.