სმენის თანდაყოლილი პრობლემები
თეთრ ბეწვზე პასუხისმგებელი გენი ხშირად სიყრუის გენთან არის დაკავშირებული და სწორედ ამის გამოა, რომ სმენის პრობლემები ყველაზე მეტად თეთრი ფერის მქონე კომპანიონ ცხოველებში ვლინდება. სმენის სირთულე შესაძლოა თანდაყოლილი იყოს, ან მოგვიანებით, ისეთი ფაქტორების გამო განვითარდეს, როგორიც, მაგალითად, ხანდაზმულობის ასაკი ან ყურის ინფექციაა.
სმენის დაქვეითება მნიშვნელოვნად მოქმედებს კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხზე და ხშირად წვრთნისა და კომუნიკაციის მეთოდების კორექტირებასაც საჭიროებს.
ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.
კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დაავადების დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ეპილეფსია
ეპილეფსია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც თავის ტვინში არსებული ნერვული უჯრედების აქტივობის დარღვევას და გულყრას იწვევს. ეპილეფსიური ეპიზოდი ძირითადად რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში გრძელდება. გახსოვდეთ, ვეტერინარის ყურადღება და მედიკამენტური მკურნალობის დროულად დაწყება დაავადების მართვის საუკეთესო გზაა.
ატოპიური დერმატიტი
ატოპიური დერმატიტი კომპანიონ ცხოველებში გავრცელებული კანის დაავადებაა. ეს გახლავთ ალერგენების მიმართ ზედმეტად აქტიური იმუნური პასუხის გამო განვითარებული ანთებითი პროცესი. ატოპიური დერმატიტი კანის ანთებას, შეწითლებასა და ქავილს იწვევს. ატოპიური დერმატიტის სიმპტომები ხშირად ჰგავს კანის სხვა დაავადებებით გამოწვეულ სიმპტომებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დიაგნოზი ვეტერინარმა დასვას.