ძაღლის ჯიშები

გოლდენდუდლი

  • ჯიშის მიმოხილვა

    ბეწვის ცვენა

    ნერწყვდენა

    გრუმინგის სიხშირე

    ბავშვებთან ურთიერთობა

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის უნარი

    გაწვრთნის სიმარტივე

    ახალ გარემოსთან ადაპტაცია

    აქტიურობის დონე

    ფიზიკური დატვირთვის საჭიროება

    ყეფის ინტენსივობა

    სუნთქვის პრობლემები

ძაღლის ჯიშები

გოლდენდუდლი

გოლდენდუდლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიბრიდული ძაღლის ჯიშია, რომელიც პუდელის გოლდენ რეტრივერთან შეჯვარების შედეგად წარმოიქმნა. შერეული მემკვიდრეობის გამო, ეს მომხიბვლელი ძაღლები ორივე ჯიშის საუკეთესო თვისებებს ატარებენ. მეგობრული და კომუნიკაბელური გოლდენდუდლი შესანიშნავი კომპანიონია. მაღალი ინტელექტი და დამყოლი ხასიათი ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების წვრთნას საკმაოდ მარტივს ხდის.

ჯიშის წარმომადგენლები ზედმეტად მეგობრულები არიან იმისთვის, რომ მცველი ძაღლები გახდნენ. სამაგიეროდ, სიამაყით ატარებენ როგორც მეგზური, აგრეთვე, თერაპიული ძაღლების ტიტულს. ტემპერამენტის მსგავსად, გოლდენდუდლის გარეგნობაც მშობლების ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული. შეიძლება გოლდენდუდლი ერთ მშობელს უფრო მეტად დაემსგავსოს, ვიდრე მეორეს. 

ჯიშის ძირითადი მახასიათებლები:

  • ჰიპოალერგიული ბეწვი
  • ყოველდღიური მოვლის საჭიროება
  • მშვიდი ტემპერამენტი
  • მეგობრული ხასიათი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • გონიერება
  • მხიარულება
  • დეტალური ინფორმაცია
    • ზომა

    გოლდენდუდლის ჯიშის ორივე სქესის წარმომადგენელი სიმაღლეში 50-61 სანტიმეტრს აღწევს. სხვა ფიზიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, მათი სიგრძე 46-76 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    • წონა

    გოლდენდუდლის წონასთან დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევები გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება. თუმცა, ჩვეულებისამებრ, ჯიშის ზრდასრული წარმომადგენლები 22-დან 41 კილოგრამამდე იწონიან. 

    • სიცოცხლის ხანგრძლივობა

    გოლდენდუდლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 15 წლამდე მერყეობს და ადამიანის ცხოვრების დაახლოებით 60-83 წელს უტოლდება. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჰარმონიულ საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.

    • ბეწვის საფარი

    შერეული მემკვიდრეობის გამო, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი ბეწვი ექნება გოლდენდუდლს. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების ბეწვი ჩვეულებრივ სამ კატეგორიად იყოფა. მათ შორის, ტალღოვანი ბეწვი ყველაზე გავრცელებულია. თუმცა, არც თუ ისე იშვიათად შეხვდებით გოლდენდუდლს, რომელსაც პუდელის მსგავსი ხვეული ბეწვი ამშვენებს. ჰიპოალერგიული თვისების გამო, ალერგიული ადამიანები სწორედ მათ ანიჭებენ უპირატესობას. 

    ქურთუკის ტიპის მიუხედავად, გოლდენდუდლს რეგულარული მოვლა ესაჭიროება. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების დავარცხნა ყოველდღიურად არის რეკომენდირებული. თუმცა, თუ თქვენს გოლდენდუდლს ბეწვს მოკლედ შეჭრით, მისი მოვლის საჭიროება კვირაში 2-3 დავარცხნამდე შემცირდება. 

    ჯიშის წარმომადგენლებს, როგორც წესი, მოწითალო, თეთრი, შავი, სპილენძისფერი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ან ოქროსფერი შეფერილობა აქვთ. 

  • ჯიშის ხასიათი

    გოლდენდუდლს უყვარს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. მარტო დარჩენა მისთვის განშორების შფოთვასთან ასოცირდება. ჯიშის წარმომადგენლები არც სხვა შინაურ ცხოველებთან თანაცხოვრებაზე ამბობენ უარს. სიფრთხილისა და წინდახედულობის გამო, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც შესაფერისი კომპანიონები არიან.

    სხვა ჰიბრიდული ჯიშების მსგავსად, გოლდენდუდლის პიროვნული მახასიათებლებიც მშობლების გენეტიკურ მემკვიდრეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრების სწორად აღზრდა არანაკლებ მნიშვნელოვანია. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, გოლდენდუდლის ადრეული სოციალიზაცია და მისი ადამიანებთან, სანახაობებთან და ხმებთან ადაპტაცია გვმართებს. სტუმრების სახლში მოწვევა და ოთხფეხა მეგობართან ერთად პარკში ან მაღაზიაში სეირნობა სოციალური უნარების გაუმჯობესების საუკეთესო გზაა. 

    როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ ისიც, რომ გოლდენდუდლი უხეში მოპყრობისადმი ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, მისი წვრთნის პროცესი თანმიმდევრული და ჯილდოზე დაფუძნებული უნდა იყოს. სათანადო წვრთნის შემთხვევაში გოლდენდუდლი მორჩილ კომპანიონად ყალიბდება.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ბარძაყისა და იდაყვის დისპლაზია

    ბარძაყის დისპლაზია ბარძაყის ბურთისა და მენჯის სახსრის შეუთავსებლობას გულისხმობს. დაავადება ხშირად კოჭლობასა და მოძრაობის გართულებას იწვევს. ბარძაყის დისპლაზიისგან განსხვავებით, იდაყვის დისპლაზია, ლეკვობის დროს, იდაყვის არასწორად განვითარების გამო ჩნდება კომპანიონ ცხოველებში. 

    თუ კომპანიონი ცხოველის შესიებულ კიდურს ან გადაადგილებასთან დაკავშირებულ დისკომფორტს შეამჩნევთ, დაუყოვნებლივ ეწვიეთ ვეტერინარს. სპეციალისტის ცოდნა და გამოცდილება მკურნალობასთან დაკავშირებულ პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. 

    გლაუკომა

    გლაუკომა თვალშიგა წნევის ზრდას და მხედველობის ნერვის დაზიანებას იწვევს. გლაუკომის განვითარების თავდაპირველ ეტაპზე კომპანიონი ცხოველების მხედველობა უმნიშვნელოდ უარესდება, თუმცა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა საქმე განუკურნებელ სიბრმავემდე მივიდეს.

    მიუხედავად იმისა, რომ დაავადების პრევენცია რთულია, რეგულარული ვეტერინარული შემოწმება დაავადების ადრეულ გამოვლენასა და მკურნალობის პროცესის ეფექტურად წარმართვაში დაგეხმარებათ. ანტიოქსიდანტებით და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი რაციონი თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრის თვალის ჯანმრთელობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. 

    ბადურის პროგრესირებადი ატროფია

    პროგრესირებადი ატროფია ბადურის თანდათანობით გადაგვარებას და მხედველობის დაკარგვას იწვევს. აღნიშნული დაავადება კომპანიონ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემათ. ბადურის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში თვალის რეგულარული გამოკვლევები და ანტიოქსიდანტებით მდიდარი დიეტა დაგეხმარებათ.

    ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის შეძენამდე ყურადღებით გამოიკვლიეთ მისი გენეტიკა და დარწმუნდით, რომ თქვენს მომავალ კომპანიონს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი გენეტიკური მიდრეკილება არ აქვს. 

    იქთიოზი

    იქთიოზი მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც კანის ხორკლიანი ქერცლით დაფარვას და მის გარქოვანებას იწვევს. დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები A ვიტამინის უკმარისობას მიიჩნევენ მისი განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორად. 

    იქთიოზის რამდენიმე ფორმას განასხვავებენ ერთმანეთისგან. თუმცა, ჩვეულებისამებრ, დაავადების სიმპტომები კანის სიმშრალეს, აქერცვლას და ამის გამო განვითარებულ ინფექციებს მოიცავს. დაავადების ეფექტურად სამართავად ვეტერინართან მჭიდრო თანამშრომლობა და მის მიერ დანიშნული სპეციალური ჰიგიენური საშუალებების გამოყენებაა საჭირო.

    შებერილობა

    შებერილობა ადამიანებისთვის უწყინარი პრობლემაა, თუმცა, ძაღლებში ამ მდგომარეობამ შესაძლოა ფატალური შედეგიც კი გამოიწვიოს. პრობლემის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია ყურადღება ისეთ სიმპტომებს მიაქციოთ, როგორიც ღებინება, შესიებული მუცელი ან ჭარბი ნერწყვდენაა. ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, სასურველია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ვეტერინარს. 

    შებერილობის თავიდან ასაცილებლად, თქვენი ერთგული კომპანიონის ყოველდღიური რაციონი მინიმუმ ორ კვებაზე გაანაწილეთ და უპირატესობა ამაღლებული ცენტრის მქონე სპეციალურ თასებს მიანიჭეთ. მათ შეძენას თქვენს სახლთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ზოო მაღაზიაში შეძლებთ. 

    ადისონის დაავადება

    ადისონის დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლები საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებენ კორტიზოლს. ადისონის დაავადებას მადის დაქვეითება და ბეწვის ცვენა ახასიათებს. დაავადებით გამოწვეული სიმპტომების მართვისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ვეტერინარები ხშირად ჰორმონალურ თერაპიას მიმართავენ.

    მემკვიდრეობითი კატარაქტა

    კატარაქტა კომპანიონი ცხოველის მხედველობის თანდათანობით გაუარესებას იწვევს. ამ დროს ბროლი, რომელიც ჯანმრთელ თვალში გამჭვირვალეა,  მონაცრისფრო ან რძისფერ შეფერილობას იძენს. 

    თანდაყოლილ კატარაქტას, როგორც წესი, ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადება ან სამშობიარო ტრავმა იწვევს. როგორც კომპეტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და კომპანიონი ცხოველის თვალების მზის მავნე ზემოქმედებისგან დაცვა დაავადების ეფექტურად მართვის წინაპირობაა.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    გოლდენდუდლი მაღალი ხარისხის ცილებით მდიდარი საკვებით უნდა გამოვკვებოთ. სრულად დაბალანსებული პრემიუმ ხარისხის საკვები თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს წონის რეგულირებასთან ერთად ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორის ზრდასა და შენარჩუნებაშიც დაეხმარება. საკვებში შემავალი ჯანსაღი ცხიმები, დამატებით, ჯანმრთელი კანისა და მბზინავი ბეწვის წინაპირობაა. 

    ჭარბი კვებით გამოწვეული შებერილობისა და სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი ოთხფეხა მეგობრის პორციები ყურადღებით უნდა ვაკონტროლოთ. ზრდასრულ გოლდენდუდლს, ჩვეულებრივ, ორ კვებაზე განაწილებული 2-3 ჭიქა მაღალი ხარისხის მშრალი საკვები ესაჭიროება. 

    მოცემულობა იცვლება მაშინ თუ ჩვენი გოლდენდუდლი ჯერ კიდევ ლეკვია. ამ შემთხვევაში, მას სპეციალურად ლეკვებისთვის შექმნილი დაბალანსებული საკვებით უნდა გავუმასპინძლდეთ. განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს მეტი ენერგია და, შესაბამისად, ვიტამინებისა და მინერალების განსხვავებული ბალანსი ესაჭიროებათ. მათი ნუტრიციოლოგიური საჭიროებების დაკმაყოფილებას მხოლოდ სპეციალურად ლეკვებისთვის შექმნილი საკვებით შევძლებთ. 

    საკვების ზუსტი რაოდენობა ჩვენი ოთხფეხა მეგობრის ზომაზე, აქტივობის დონესა და მეტაბოლიზმზეა დამოკიდებული. ამიტომ, პერსონალური რეკომენდაციების მისაღებად, გირჩევთ კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიაროთ. ნუტრიციოლოგთან ვიზიტამდე, კვებასთან დაკავშირებული სასარგებლო ინფორმაციის მიღებაში პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი ცხრილი დაგეხმარებათ. 

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    გოლდენდუდლი პოპულარული ძაღლის ჯიშია, რომელიც გოლდენ რეტრივერისა და პუდელის საუკეთესო თვისებებს აერთიანებს. ჯიშის ისტორია ლაბრადუდლის წარმატებით იყო შთაგონებული. სელექციონერებმა პუდელის სხვა ჯიშებთან შერწყმის პოტენციალი დაინახეს და ახალი ჰიბრიდული ჯიშის გამოყვანა გადაწყვიტეს. ისინი მიზნად ისახავდნენ შეექმნათ ძაღლი, რომელსაც გოლდენ რეტრივერის მეგობრული ბუნება და პუდელის ჰიპოალერგიული ბეწვი ექნებოდა. 

    ჯიშის წარმომადგენელთა უმეტესობა პირველი თაობის გამრავლების შედეგი, ანუ, გოლდენ რეტრივერისა და პუდელის მიქსია. ჯერჯერობით, გოლდენდუდლის წყვილებს შორის გამრავლება იშვიათად ხდება. პოპულარობის მიუხედავად, გოლდენდუდლი ჯერ კიდევ არ არის აღიარებული Kennel Club-ის ან სხვა საერთაშორისო სუფთა ჯიშის ძაღლების რეესტრის მიერ.