კატის ჯიშები

სავანა

  • ჯიშის მიმოხილვა

    ოჯახის წევრებისადმი დამოკიდებულება

    სოციალიზაციის საჭიროება

    ბეწვის ცვენის სიხშირე

    ვოკალიზაციისადმი მიდრეკილება

    გრუმინგი

    სხვა ცხოველებისადმი კეთილგანწყობა

    გონიერება

    სილაღე

    აქტიურობის დონე

კატის ჯიშები

სავანა

სავანა ველური კატის ელეგანტურობას შინაური კატის მოსიყვარულე ბუნებასთან აერთიანებს. ჯიშისთვის დამახასიათებელი ბეწვი და გრძელი, გამხდარი სხეული მთელ მსოფლიოში იპყრობს კატების მოყვარულთა გულებს. სავანის კატები ინტელექტითა და მხიარული ბუნებითაც არიან ცნობილი. ხშირად ერთვებიან ინტერაქტიულ თამაშებში და ადვილად ითვისებენ ნასწავლს. ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ლოიალობასა და ტრენინგუნარიანობასაც განსაკუთრებული სიხშირით ავლენენ. სავანები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ როგორც სხვა კატებსა და ძაღლებთან, აგრეთვე, ოჯახში მცხოვრებ ბავშვებთან ერთადაც.

ჯიშისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისებები:

  • მაღალი ინტელექტი
  • მოსიყვარულე ბუნება
  • სოციალური უნარები
  • აქტიური ვოკალიზაცია
  • მხიარულება
  • ცნობისმოყვარეობა
  • დამოუკიდებლობა
  • დეტალური ინფორმაცია

    ზომა

    სავანას სიმაღლე 33-38 სანტიმეტრს აღწევს, სიგრძე კი 51-56 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს.

    წონა

    ზრდასრული სავანა 5.4 კილოგრამიდან 11.3 კილოგრამამდე იწონის. ოჯახის ამ მნიშვნელოვანი წევრის წონა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გენეტიკის, დიეტისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად იცვლება.

    სიცოცხლის ხანგრძლივობა

    სავანას სიცოცხლის ხანგრძლივობა 17-დან 20 წლამდე მერყეობს. თუმცა, გახსოვდეთ, ეს ციფრები მხოლოდ პირობითია და თქვენი ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის სიცოცხლის ხანგრძლივობა მისი ცხოვრების ჯანსაღ წესსა და სტრესისგან თავისუფალ საცხოვრებელ გარემოზეა დამოკიდებული. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება და დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი კომპანიონი ცხოველის ცხოვრების ხარისხს.

    ბეწვის საფარი

    სავანის კატებს მოკლე ან საშუალო სიგრძის რბილი ბეწვი აქვთ. როგორც წესი, სავანა თავად ზრუნავს საკუთარი ბეწვის სისუფთავეზე. თუმცა, გახსოვდეთ, თუ თქვენი კომპანიონი ცხოველის ბეწვი ხშირად ცხიმიანდება, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი კატა საკუთარი თავის მოვლას აღარ ცდილობს, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითებდეს.

  • ჯიშის ხასიათი

    სავანა უაღრესად ინტელექტუალური და ენერგიული კატაა. ცნობისმოყვარე ბუნება მას თავისი საცხოვრებელი გარემოს ზედმიწევნით შესწავლისკენ უბიძგებს. ველური გარეგნობის მიუხედავად, სავანის კატები მოსიყვარულეები არიან და ოჯახის ყველა წევრისადმი ავლენენ პოზიტიურ დამოკიდებულებას.

    სათანადო სოციალიზაციისა და წვრთნის შემთხვევაში, სავანა ნაზი და კომუნიკაბელურია როგორც ბავშვებთან, აგრეთვე, სხვა შინაურ ცხოველებთან. ველური ინსტინქტებისა და შინაური კატისთვის დამახასიათებელი თვისებების უნიკალური კომბინაცია მათ მომხიბვლელ კომპანიონებად აქცევს მათთვის, ვისაც ოთხფეხა მეგობრისთვის დროისა და ძალისხმევის სათანადო ოდენობით გამოთავისუფლება შეუძლია.

  • ჯანმრთელობის პოტენციური პრობლემები

    ანემია

    ანემიის რამდენიმე ტიპი არსებობს. მაგალითად, რკინადეფიციტური ანემია ორგანიზმში რკინის ნაკლებობით არის გამოწვეული და ორგანოების სწორ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს. მეგალობლასტურ ანემიას რაც შეეხება, ის B9 და B12 ვიტამინების არასაკმარისი ოდენობით მიღების შედეგად ვითარდება.

    როგორც კომპტენტურ მშობელს, გახსოვდეთ, რომ საკვები ნივთიერებებით მდიდარი რაციონი  და რეგულარული ვეტერინარული გამოკვლევები ჩვენი კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პასუხისმგებლიანი ზრუნვის პრაქტიკა ანემიის განვითარებასთან ერთად, თქვენს კომპანიონ ცხოველს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც ააცილებს თავიდან.

  • ნუტრიციოლოგიური საჭიროებები და კვება

    საკვებში შემავალი ნუტრიენტების ოდენობა კომპანიონი ცხოველის ასაკის, ცხოვრების სტილისა და საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით იცვლება. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნაკლებად აქტიურ ხანდაზმულ კატასთან შედარებით, ზრდის პროცესში მყოფ ენერგიულ კნუტს საკვები ნივთიერებების სხვაგვარი ბალანსი ესაჭიროება.

    დიდი აღნაგობის გამო, სავანის კატებს, სხვა შინაურ კატებთან შედარებით, ცილების მაღალი შემცველობის მქონე დიეტა უნდა შევთავაზოთ. საუკეთესო შემთხვევაში, მათი რაციონის საფუძველს სწორედ მაღალი ხარისხის ცხოველური წარმოშობის ცილა უნდა წარმოადგენდეს.

    სავანის კატები განსაკუთრებული აქტიურობითაც გამოირჩევიან, ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია რაციონი, რომელიც, ენერგიასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, საკმარისი ოდენობის კალორიებს აერთიანებს. თუმცა, სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, უპირატესობა დაბალანსებულ კომერციულ საკვებს მიანიჭოთ.

    გარდა ამისა, სავანის კატები მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემითაც ხასიათდებიან და არც თუ ისე იშვიათად აღენიშნებათ საკვების მიღებით გამოწვეული ალერგია. ამ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ახალი საკვები თანდათანობით დაამატეთ რაციონში და ყურადღებით დააკვირდით საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

    პერსონალური კვების გეგმის შესამუშავებლად, კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან გაიარეთ. ის კვებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით გაგიზიარებთ, როგორიც კომპანიონი ცხოველის ასაკი, წონა, აქტივობის დონე და ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

  • ჯიშის წარმოშობის ისტორია

    სავანას წარმოშობის ისტორია 1980-იან წლებში, უნიკალური კომპანიონი ცხოველის შექმნის მიზნით, შინაური კატის აფრიკულ სერვალთან შეწყვილებით დაიწყო. ამ ამბიციურ წამოწყებას სათავეში ჯუდი ფრენკი და პატრიკ კელი ჩაუდგნენ. პირველი სავანა 1986 წლის 7 აპრილს დაიბადა. კნუტს “სავანა” დაარქვეს და სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი სავანას ჯიშის შემდგომ განვითარებას.

    ჯიშის ახალი წარმომადგენლების მისაღებად, სერვალებთან შეწყვილებისთვის ნებადართული შინაური ჯიშები ეგვიპტური მაუ, ოციკატი და აღმოსავლური მოკლებეწვიანი იყო. თუმცა, ზოგიერთი სელექციონერი მკვეთრი ლაქების მისაღებად სერვალების ბენგალთან, ხოლო გრძელი ქურთუკის მისაღებად მეინე კუნთან შეწყვილებას მიმართავს.

    სელექციის პროცესმა მეტი ეფექტურობა მაშინ შეიძინა, როდესაც ფრენკსა და კელის კიდევ ერთი ენთუზიასტი, ჯოის სრუფი შეუერთდა. ამ ადამიანებმა ერთობლივი ძალისხმევით დაისახეს მიზნად შეექმნათ კატა, რომელიც სერვალის ველური ესთეტიკისა და შინაური კატის ტემპერამენტის საუკეთესო კომბინაციას შესთავაზებდა მსოფლიოს.

    2001 წელს, კატების საერთაშორისო ასოციაციამ (TICA) სავანა ექსპერიმენტულ ჯიშად აღიარა. დღეს, ოჯახის ამ მნიშვნელოვან წევრებს გასაოცარი გარეგნობის, მოსიყვარულე ბუნებისა და მხიარული ქცევის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ ქვეყანაში აფასებენ.