ბრაქიცეფალია
ბოქსერის, ბულდოგისა და მოპსის მსგავსად, პეკინესიც ბრაქიცეფალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასაც მოკლე ცხვირი და შევიწროებული ნესტოები აქვს. სწორედ ამიტომ, ოჯახის ეს მნიშვნელოვანი წევრები ტემპერატურის მატებასთან ერთად, სუნთქვის პრობლემებისა და ხვრინვისკენ არიან მიდრეკილი. მათი სუნთქვის პრობლემა წონის მატებასთან ერთად უარესდება. ამიტომ, ჯანსაღი საკვების მიღებას და წონის მონიტორინგს პრობლემის პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თავის ქალის ბრაქიცეფალიური სტრუქტურის გამო, პეკინესის დახურულ სივრცეში დიდხანს დატოვება განსაკუთრებით სახიფათოა. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და მზის პირდაპირი სხივები ჩვენი კომპანიონი ცხოველების ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით ლორწოს დაგროვებას და სუნთქვის გაძნელებას იწვევს.
კანის ინფექცია
ინფექცია შესაძლოა კანის გამოშრობამ, საფარველის დაბინძურებამ და იმუნიტეტის დაქვეთებამ გამოიწვიოს. კანის ინფექციების თავიდან აცილებაში ჰიგიენის დაცვა, სუფთა საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვები და ცხოვრების ჯანსაღი წესი დაგეხმარებათ.
მუხლის ქუდის დისლოკაცია
მუხლის ქუდის დისლოკაცია მემკვიდრეობითი პრობლემაა. ამ პრობლემით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი წონის შენარჩუნებაა საჭირო. უცხიმო ხორცის, კვერცხის, მაღალი ხარისხის ცილის, კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებულად მიღება თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს კუნთების სწორად განვითარებაში დაეხმარება.
მუხლის ქუდის დისლოკაციასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების გამოსასწორებლად შესაძლოა მაკორექტირებელი ოპერაციაც გახდეს საჭირო. თუმცა, რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები მუხლის ქუდის დისლოკაციის ადრეულ ნიშნებს აღმოაჩენს და შესაბამისი ზომების მიღების შესაძლებლობას დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე მოგცემთ.
ენტროპიონი
ენტროპიონი ქუთუთოს ჩაბრუნებას და წამწამების თვალის ზედაპირთან სიახლოვეს იწვევს. ამან შესაძლოა თვალის კაკლის დაზიანება და წყლულის წარმოქმნა გამოიწვიოს. ენტროპიონი ადამიანების მსგავსად ცხოველებშიც ცრემლდენასა და სიწითლეს იწვევს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ვეტერინარები ხშირად ხელოვნურ ცრემლსა და დამატენიანებელ მალამოებს იყენებენ.
მშრალი თვალის სინდრომი
თვალის სიმშრალე წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს. ცრემლის წარმოქმნის სირთულე თვალის გაღიზიანებას და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. თვალის პრობლემების მაპროვოცირებელ გარემოებად ხშირად კლიმატიც გვევლინება. მაგალითად, თუ ზაფხულის გატარებას თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად, ზღვისპირა ქალაქში დააპირებთ, სასურველია განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ და თქვენი კომპანიონი ცხოველი შეძლებისდაგვარად მოარიდოთ სიცხეს.
განსაკუთრებული სიფრთხილე თვალის დაავადებისთვის დამახასიათებელი ისეთი ადრეული სიმპტომების მიმართ გამოიჩინეთ, როგორიც სიწითლე და ცრემლდენაა. სასურველია ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე ესტუმროთ ვეტერინარს. როგორც კომპეტენტურმა მშობელმა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისიც, რომ თვალებზე ყოველდღიურ ზრუნვას და სპეციალურად ძაღლებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური საშუალებებით მათ რეგულარულ წმენდას დაავადებების პრევენციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.