ბარძაყის დისპლაზია
ბარძაყის დისპლაზია მენჯ-ბარძაყის სახსრის ნაწილობრივ ან სრულ ამოვარდნას გულისხმობს. ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ძვლის ცვეთა და ამ პროცესთან დაკავშირებული ტკივილი გამოიწვიოს.
კომპანიონი ცხოველების უმრავლესობას ბარძაყის დისპლაზია დაბადებიდანვე აქვს. თუ დაავადების დიაგნოზირება ადრეულ ეტაპზე მოხდება, პრობლემის გამოსწორებას იოლად შეძლებთ. სხვა შემთხვევებში, ძვლების მდებარეობის შესაცვლელად შესაძლოა ოპერაცია გახდეს საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების განვითარებაში გენეტიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად ჯანსაღი წონის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
დილატაციური კარდიომიოპათია
დილატაციური კარდიომიოპათია გულის კუნთის დაავადებაა, რომელიც მარცხენა პარკუჭის გაგანიერებასა და დათხელებას იწვევს. დაავადება არარეგულარულ გულისცემას, სისხლის კოლტების წარმოქმნასა და მოულოდნელ სიკვდილს იწვევს. დილატაციური კარდიომიოპათიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა გენეტიკა, დიაბეტი, გულის თანდაყოლილი დაავადება ან ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექცია გახდეს.
დაავადებას ხშირად დაღლილობა, გულის უკმარისობა, ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობის დაქვეითება, ფეხების შეშუპება და მუცლის არეში შესიება ახლავს თან. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. დილატაციური კარდიომიოპათიის ადრეული დიაგნოსტირება დაავადებასთან ეფექტურად ბრძოლაში დაგეხმარებათ.
მემკვიდრეობითი მიოპათია
მიოპათია კუნთოვანი ქსოვილების არასწორად ფუნქციონირების შედეგად ვითარდება და კომპანიონი ცხოველის ფიზიკურ სისუსტეს იწვევს. დაავადების მიზნობრივი მკურნალობა შესაძლოა მედიკამენტოზურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას, მასაჟს ან ქირურგიულ ჩარევას მოიცავდეს.
ვიტამინებით მდიდარი მაღალი ხარისხის საკვები ძაღლის კუნთების სწორად განვითარებასთან ერთად მათ სიძლიერესაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მემკვიდრეობითი მიოპათიის თავიდან ასაცილებლად, ოჯახის ახალი წევრის შეძენამდე შეარჩიეთ სელექციონერი, რომელიც კომპანიონ ცხოველებს შეწყვილებამდე ამოწმებს გენეტიკურ დაავადებებზე.
ოსტეოსარკომა
ოსტეოსარკომა ძვლის კიბოს აგრესიული ფორმაა. ამ დაავადების მაიდენტიფიცირებელი პირველი ნიშანი კოჭლობაა, ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრს ყოველგარი წინაპირობის გარეშე, უეცრად დაეწყო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ ვერაგი დაავადების გამოსარიცხად დაუყოვნებლივ მიმართ ვეტერინარს.
ოსტეოსარკომას, როგორც წესი, კიდურის ამპუტაციით და ქიმიოთერაპიით მკურნალობენ. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენი ძვირფასი მეგობრები იოლად ეგუებიან სამ ფეხზე ცხოვრებას და ადამიანების მსგავსად არ განიცდიან ქიმიოთერაპიის ისეთ გვერდით ეფექტებს, როგორიც გულისრევა და თმის ცვენაა.
ენტროპიონი
ენტროპიონი ქუთუთოს ჩაბრუნებას და წამწამების თვალის ზედაპირთან სიახლოვეს იწვევს. ამან შესაძლოა თვალის კაკლის დაზიანება და წყლულის წარმოქმნა გამოიწვიოს. ენტროპიონი ადამიანების მსგავსად ცხოველებშიც ცრემლდენასა და სიწითლეს იწვევს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად ვეტერინარები ხშირად ხელოვნურ ცრემლსა და დამატენიანებელ მალამოებს იყენებენ.
ალუბლის თვალი
ალუბლის თვალი მესამე ქუთუთოს ანთებით გამოწვეული დაავადებაა. მას თვალის სიწითლე და მხედველობის გაუარესება ახლავს თან. პრობლემის ადრეული გამოვლენა საგრძნობლად ამარტივებს მკურნალობის პროცესს. ამიტომ ნუ დაიშურებთ დროს რუტინული შემოწმებისთვის და პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე ეწვიეთ ვეტერინარს.
სამწუხაროდ, კომპანიონ ცხოველებში ალუბლის თვალის თავიდან ასაცილებლად საიმედო გზა არ არსებობს. დაავადების განმეორებითი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ვეტერინარები ხშირად მაკორექტირებელ ოპერაციას ანიჭებენ უპირატესობას.